საფრანგეთი

ემანუელ მაკრონმა "ყვითელი ჟილეტების" აქციების საპასუხოდ ეკონომიკური რეფორმები დააანონსა

ემანუელ მაკრონი
EPA

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრესკონფერენცია გამართა და ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრა. მან პირობა დადო, რომ მისი პოლიტიკური სტილი უფრო "ჰუმანური გახდება", თუმცა საფრანგეთის ეკონომიკის ლიბერალიზაციის პროექტს გააგრძელებს.

პრესკონფერენცია 15 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის გამო გადაიდო.

მაკრონმა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე პირთათვის საშემოსავლო გადასახადის შემცირებაზე ისაუბრა, რაც ჯამში 5 მილიარდი ევროს შეღავათს შეადგენს. მისივე თქმით ყველაზე დაბალი ფენის წარმომადგენლებს პენსია გაეზრდებათ და მისი პრეზიდენტობის პერიოდში არცერთი სკოლა და საავადმყოფო აღარ დაიხურება.

მაკრონის დაანონსებული რეფორმები მოქალაქეების მიერ რეფერენდუმების შეთავაზების გამარტივებას, პარლამენტის ქვედა პალატაში წარმომადგენლების 20%-ს პროპორციული წესით არჩევას, კლიმატის პოლიტიკის საითხებზე მოქლაქეთა საკონსულტაციო კომიტეტის შექმნას და წელიწადში ერთხელ პარლამენტში მიგრაციის პოლიტიკის განხილვას მოიცავს.

მაკრონმა ყვითელი ჟილეტების საპროტესტო აქციებზეც ისაუბრა, რომელიც პარიზსა და სხვა ქალაქებში კვლავ იმართება. მისი თქმით ის ცნობს მომიტინგეების "სამართლიან მოთხოვნებს" და "სიბრაზესა და მოუთმენლობას", თუმცა საჯარო წესრიგი უნდა აღდგეს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პატივს სცემდა ყვითელი ჟილეტების მოძრაობის დასაწყისში, გასული წლის ნოემბერში გამოსულ მომიტინგეებს, ახლა მოძრაობა გარდაიქმნა და ანტისემიტიზმის, ჰომოფობიის და ამბოხის ეპიზოდებს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ აქციები საფრანგეთში 17 ნოემბერს დაიწყო, მოსახლეობა საწვავზე გადასახადების ზრდას აპროტესტებდა, თუმცა შემდეგ ეს ანტი-სამთავრობო პროტესტში გადაიზარდა. აქციების მიმდინარეობისას დაიღუპა 7 ადამიანი. დაშავებულთა და დაკავებულთა რიცხვი რამდენიმე ათასს აღწევს.

მთავრობამ საწვავზე გადასახადების ზრდის პროექტი 2019 წლის ბიუჯეტიდან უკვე ამოიღო, თუმცა აქციები სხვადასხვა მოთხოვნით კვლავ გრძელდება. მომიტინგეების ნაწილი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვს. მისი რეიტინგი 30%-მდე დაეცა.

აქციების საპასუხოდ, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას დაპირდა, რომ საშემოსავლო მინიმუმს 7%-ით გაზრდის, შემცირდება გადასახადები და 2019 წლიდან მინიმალური ხელფასი 100 ევროთი გაიზრდება. გარდა ამისა, სახელმწიფო დამსაქმებლებს წაახალისებს, რომ წლის ბოლოს თანამშრომლებს გადასახადებისაგან თავისუფალი ბონუსი მისცეს. მთავრობის წარმომადგენლების მიხედვით ცვლილებები სახელმწიფოს 8-დან 10 მილიარდ ევრომდე დაუჯდება.

კომენტარები