ვენესუელა

რუსული მედია: შესაძლოა, მადურო ივნისში სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკურ ფორუმს დაესწროს

ნიკოლას მადურო და ვლადიმირ პუტინი
Reuters

რუსული საინფორმაციო სააგენტო RIA ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ, შესაძლოა, ნიკოლას მადურო მომდევნო თვეს სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმს დაესწროს.

შეგახსენებთ, რომ გასული კვირის ოთხშაბათს ვენესუელაში მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. მას შემდეგ პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი თინეიჯერი. დაშავდა სულ მცირე 46 ადამიანი.

ვენესუელის გარდამავალმა პრეზიდენტმა, მადუროს რეჟიმის ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ მოსახლეობას ნიკოლას მადუროს დასამხობად გაფიცვებისაკენ მოუწოდა.

გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად 23 იანვარს გამოაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრამპმა გუაიდო ქვეყნის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარა.

აშშ-ს აღაირების შემდეგ ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

კომენტარები