აშშ

დენვერი, შესაძლოა, პირველი ქალაქი გახდეს, სადაც ჰალუცინოგენური სოკო დეკრიმინალიზდება

unsplash.com

აშშ-ის შტატ კოლორადოს დედაქალაქი დენვერი, შესაძლოა, პირველი ქალაქი გახდეს მსოფლიოში, სადაც ე.წ "ჯადოსნური სოკოები" დეკრიმინალიზებული გახდება.

ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

7 მაისს დენვერში კენჭს უყრიან ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკული თრობის საშუალება ჰალუცინოგენური სოკო დეკრიმინალიზდება. დადგენილების მიხედვით, ქალაქ დენვერში სოკოს პირადი მოხმარებისთვის გამოყენება პატიმრობით აღარ დაისჯება. 

სოკოების რამდენიმე სახეობა პსილოციბინს შეიცავს, რომელსაც ჰალუცინოგენური მოხმარებისთვის იყენებენ. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენს პსილოციბინი კონტროლირებადი სუბსტანციების სიაში აქვს შეყვანილი. 

დენვერში დაყენებული ინიციატივა სოკოების ლეგალიზებას არ ნიშნავს. ქალაქის საბჭოს მიერ გამოცემული დადგენილება მხოლოდ და მხოლოდ იმას შეეხება, რომ პირადი მოხმარებისთვის ადამიანებს პატიმრობა აღარ შეეფარდოთ, რადგან ამაზე რესურსები არ დაიხარჯოს. ამავე ტექსტის მიხედვით, თუ ინიციატივას მიიღებენ, ის მათაც შეეხება, ვინც უკვე იხდის სასჯელს ჰალუცინოგენური სოკოს მოხმარებისთვის. 

ამგვარი სოკოები დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენება რეკრეაციული მიზნებისთვის, თუმცა არაერთი სამედიცინო კვლევა აჩვენებს, რომ ორგანიზმში პსილოციბინის რაოდენობის ზრდამ, შესაძლოა, შფოთვითი აშლილობა და დეპრესია გამოიწვიოს. 

მაგალითისთვის, 2017 წელს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენება, რომ ცდისპირთა 47%, რომლებსაც კვლევის დაწყებამდე დეპრესია ჰქონდათ, პსილოციბინისგან 5-კვირიანი მკურნალობის შემდეგ, მკვლევარებს უფრო პოზიტიურ პასუხებს სცემდნენ.

კომენტარები