ოპოზიცია ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, ზუგდიდთან დაკავშირებით პარლამენტში იბარებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდში წინასაარჩევნოდ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, პარლამენტში იბარებს. ინიციატივას ევროპული საქართველო იზიარებს. 

საპარლამენტო ოპოზიცია ინტერპელაციის მეთოდს იყენებს, რომლის ფარგლებშიც ყოველი თვის ბოლო კვირას დეპუტატებს ნებისმიერი თანამდებობის პირის პარლამენტში მიწვევა შეუძლიათ. 

14 მაისს ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, კანდიდატ სანდრა რულოვსსა და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა. 

ამასთან, ორი დღეა ხმაურია ზუგდიდის საოლქო კომისიაში, საიდანაც ამომრჩევლების სიები და ბეჭდები გაიტანეს. ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს. 

ზუგდიდის მერის არჩევნები 19 მაისს ჩატარდება. ენმ-ის კანდიდატი სანდრა რულოვსია, მმართველი გუნდის კი - გიორგი შენგელია. 

კომენტარები