არჩევნები 2019

ჟვანია პარლამენტში დაბარებაზე: როგორც ყოველთვის, მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი

0 კომენტარი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია პარლამენტში მის დაბარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დიალოგს მიესალმება.

"მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ყოველთვის, მზად ვარ, ნებისმიერ შეკითხვას გავცე პასუხი. უფრო მეტიც, მნიშვნელოვანია და ჩვენს ინტერესშია, საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია. ყოველთვის მივესალმები დიალოგს ნებისმიერი ფორმით" - წერს ჟვანია Facebook-ზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდში წინასაარჩევნოდ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას პარლამენტში იბარებს. ინიციატივას ევროპული საქართველო იზიარებს. საპარლამენტო ოპოზიცია ინტერპელაციის მეთოდს იყენებს, რომლის ფარგლებშიც ყოველი თვის ბოლო კვირას დეპუტატებს ნებისმიერი თანამდებობის პირის პარლამენტში მიწვევა შეუძლიათ. 

ცნობისთვის, 14 მაისს ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, კანდიდატ სანდრა რულოვსსა და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა. 

ამასთან, ორი დღეა ხმაურია ზუგდიდის საოლქო კომისიაში - ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშია კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადაყენებას ითხოვს. ოპოზიციის წევრების თქმით, საარჩევნო უბნებზე სამაგიდო სიები, საარჩევნო ბეჭდები და ლუქები არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე გაიგზავნა. ცესკოს განცხადებით, ეს კანონდარღვევა არ არის, თუმცა, დოკუმენტაციას და ინვენტარს საოლქო კომისიაში დააბრუნებენ. გარდა ამისა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდის საკრებულოში რიგგარეშე სხდომის დანიშვნას და ქართული ოცნების წევრის გია დანელიასთვის დროებით უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს. სწორედ გია დანელია ფიგურირებს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გავრცელებულ ვიდეომასალაში, სადაც სავარაუდოდ, ქართული ოცნების წევრი ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე საუბრობს. 

ზუგდიდის მერის არჩევნები 19 მაისს ჩატარდება. ენმ-ის კანდიდატი სანდრა რულოვსია, მმართველი გუნდის კი - გიორგი შენგელია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები