მაღაროელების გაფიცვა

ღარიბაშვილი: მაღაროელების პროტესტი სამართლიანია, ჯორჯიან მანგანეზმა პირობა უნდა შეასრულოს

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკური მდივნის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი სამართლიანია და მას დროული რეაგირება სჭირდება. ღარიბაშვილი სიტყვით ჭიათურის მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოვიდა, სადაც ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე წარადგინა.

"მინდა, ჩემი გამოსვლა მაღაროელების მიმართ სოლიდარობით დავიწყო. მინდა მათ მივმართო, ჩემო ძვირფასო მშრომელებო, თქვენი პროტესტი სამართლიანია და თქვენს ამ გულწრფელ პროტესტს, რა თქმა უნდა, დროული რეაგირება სჭირდება. ჩვენ შევხვდებით ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ძმებს, მოვისმენთ პირადად მათ პრობლემებს და ვპირდებით, რომ ვიქნებით შუამავალი მენეჯმენტ კომპანიასთან, რომ მათი ყველა პრობლემა შეძლებისდაგვარად გადაწყდეს დროულად და მათი პირობები გაუმჯობესდეს" - თქვა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ მენეჯმენტმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ნორმალური კვება.

"ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. მე ძალიან მაინტერესებს, უბრალოდ მინდა მოვისმინო კომპანიის პასუხი, რატომ არ ხდება ამ პრობლემის მოგვარება. ის, რომ ჩვენს მაღაროელებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი და ღირსეული ჯანდაცვა , არის თუ არა ეს სამართლიანი მოთხოვნა. ის, რომ მათი ოჯახის წევრებს უნდა ჰქონდეთ დაზღვევა, არის თუ არა ეს სამართლიანი მოთხოვნა? და კიდევ, გეტყვით, რომ დაახლოებით ოთხი წლის წინ, მაშინ ერთ-ერთი ჩვენი პირობა იყო, რომ კომპანიას დაეფინანსებინა საავადმყოფო ამ მაღაროში მომუშავეთათვის. მაშინ ეს პირობა და ვალდებულება მივიღეთ, მაგრამ რატომღაც ეს პირობა არ შეასრულეს. ამიტომ, მე მინდა მივმართო ღიად კომპანიას, რომელიც დღეს მართავს ამ ძალიან სერიოზულ აქტივს - მე მოგმართავთ, რომ შეასრულოთ თქვენი მოცემული პირობა ამ ხალხის წინაშე და ნუ მოვექცევით უსამართლოდ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჭიათურაში მაღაროელები ორი დღის წინ გაიფიცნენ, ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათ მოთხოვნებს შორის არის ხელფასის მომატება, კვებისა და ჯანდაცვის პირობების გაუმჯობესება, ისინი ასევე ითხოვენ, მოგვარდეს ქალაქში დიდი მანქანებით მადნის გადატანის პრობლემა. ადრე მადანი რკინიგზით გადაჰქონდათ, ახლა კი მანქანებით პირდაპირ ქალაქის ცენტრის გავლით. გაფიცული მაღაროელები ამბობენ, რომ ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა.

ჯორჯიან მანგანეზი მიიჩნევს, რომ ჭიათურაში მიმდინარე პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული და მიზნად ისახავს, ჭიათურაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პერიოდში მუშა-მოსამსახურეების გამოყენებას. კომპანიის განცხადებით, მუშებმა პირობების გადახედვის დაპირება მიიღეს, თუმცა შემდეგ მოთხოვნები შეცვალეს და მაინც გაიფიცნენ.

ჭიათურაში 19 მაისს მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება.

კომენტარები