მაღაროელების გაფიცვა

ზურაბიშვილი: პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

"პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს," - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

"ამავე დროს მიმაჩნია, რომ ხაზი უნდა გაესვას ევროპული სტანდარტის დანერგვის აუცილებლობას და პირველ რიგში, როცა ეს ეხება შრომის უსაფრთხოებას, რომელიც მაღაროებში ძალიან აქტუალურია. თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული," - წერს პრეზიდენტი.

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელმა დღეს პირი ამოიკერა. ერთ-ერთი გაფიცული, პაატა სამხარაძე "ინტერპრესნიუსთან" ამბობს, რომ პირს პროტესტის ნიშნად ყოველ დღე თითო მაღაროელი ამოიკერავს.

ჭიათურის მაღაროში დასაქმებული 15 ადამიანი უკვე მე-7 დღეა შიმშილობს. 

ამასთან, გაფიცულია ჯორჯიან მანგანეზის 150 თანამშრომელი. პროტესტი 16 მაისს დაიწყო. ისინი ხელფასის 50 %-ით გაზრდას ითხოვენ. 

კომპანია ამბობს, რომ მზად არის, მოთხოვნა ნაწილობივ დააკმაყოფილოს, თუმცა ეს პირობა გაფიცულებისთვის მიუღებელია.

პარალელურად, თავის მხრივ გაფიცვაში მონაწილეობისთვის გაფიცულების წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს ჯორჯიან მანგანეზი.

კომენტარები