მაღაროელების გაფიცვა

კალაძე: მთავარია, რომ შეთანხმება, რომელსაც მაღაროელები ითხოვდნენ მიღწეულია

ქართული ოცნების პრესსამსახური

"მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ შეთანხმება, რომელსაც მაღაროელები ითხოვდნენ მიღწეული არის და მოგვარებული იქნება მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში," - თბილისის მერი კახა კალაძე ჭიათურაში მაღაროელები გაფიცვის საკითხს თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ ის ირაკლი კობახიძესთან და ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა. 

"რამდენიმე დღის წინ ჭიათურაში მაღაროელები იყვნენ გაფიცულები, ჩვენ, პირადად მე, პარლამენტის თავმჯდომარეს და პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურ მდივანს ირაკლი ღარიბაშვილს გვქონდა შეხვედრა ამ ადამიანებთან. ჩვენ ვიცოდით მათი მოთხოვნები, მათ გვითხრეს ასევე თავინთი გასაჭირის შესახებ, იმ პრობლემების შესახებ, რომელიც მათ აწუხებდათ და თქვენ როგორც იცით, გუშინწინ ეს პრობლემა გადაწყდა, მოხდა ურთიერთშეთანხმება. მე მინდა ცენტრალურ ხელისუფლებას მადლობა გადავუხადო, კონკრეტულად იმ მინისტრებს, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, ვინც ადგილზე იყო ჩასული და ჰქონდა კომუნიკაცია და ფაქტიურად მედიატორის როლს ასრულებდა კომპანიასა და გაფიცულ მუშებს შორის, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ შეთანხმება მიღწეულია, მართლაც მძიმე მდგომარეობაში უწევდათ მუშაობა, მძიმე გარემო იყო, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ის შეთანხმება, რომელსაც ისინი ითხოვდნენ მიღწეული არის და მოგვარებული იქნება მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში," - ამბობს კალაძე. 

ჭიათურაში მაღაროელებმა გაფიცვა, 11 დღიანი შიმშილობის შემდეგ, ორი დღის წინ შეწყვიტეს. ამის შესახებ მათ მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ თქვეს. მაღაროელები ეკონომიკის მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრსა და განათლების მინისტრს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ხვდებოდნენ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით 1 ივნისიდან მაღაროელებს ხელფასი 25%-ით გაეზრდებათ.

ჭიათურაში მაღაროელები 11 დღე იყვნენ გაფიცულები. ისინი ხელფასის 50%-ით ზრდას ითხოვდნენ. მაღაროელები ამბობდნენ, რომ 26 მაისის შეხვედრაზე დათმობაზე წავიდოდნენ და ხელფასის 30%-ით გაზრდის შემთხვევაში სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებოდნენ, თუმცა, მაშნ უარი მიიღეს. ამიტომ, მათ გაფიცვა გააგრძელეს.

კომენტარები