შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 2019

"ოცნება" მაღაროელებზე: თუ კომპანიასთან მოლაპარაკება ვერ შედგება, საქმეში ჩვენ ჩავერთვებით

ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი ჭიათურაში მერობის კანდიდატის მხარდასაჭერად

ქართული ოცნების ლიდერები ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში, რომელსაც ხელს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და პარტიის პოლიტსაბჭოს მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი აწერენ ხელს, წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაღაროელებსა და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" შორის მოლაპარაკებები ვერ შედგება, საქმეში ხელისუფლება ჩაერევა.

"დღეს ჭიათურაში შევხვდით გაფიცულ მაღაროელებს და მოვისმინეთ მათი მოთხოვნები. შეუძლებელია, ვინმემ მოუსმინოს ამ ადამიანებს და გულგრილი დარჩეს მათი პრობლემების მიმართ. ჩვენ მოვუწოდეთ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს", მოესმინათ მაღაროელებისთვის და მიეღოთ ზომები მათი სამართლიანი მოთხოვნების შესასრულებლად. სამწუხაროა, რომ დღევანდელი მოლაპარაკება შეთანხმებით ვერ დასრულდა.

მოვუწოდებთ კომპანიის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ განაგრძონ მოლაპარაკებები, გაითვალისწინონ გაფიცულთა ყველა სამართლიანი მოთხოვნა და დაიწყონ ზრუნვა მათი სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე.

თუ მომდევნო დღეებში მოლაპარაკებები არ დასრულდება შეთანხმებით, ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავერთვებით საქმეში და მივიღებთ ზომებს მაღაროელების სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად,"- წერია განცხადებაში. 

ქართული ოცნების წევრებთან შეხვედრის შემდეგ მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელობას შეხვდნენ, სადაც კიდევ ერთხელ გააცნეს თავიანთი მოთხოვნები, მათ შორის ხელფასის 50%-იანი მატება. სწორედ ამ საკითხზე ვერ შედგა მხარეებს შორის კონსენსუსი, რის შედეგადაც 15-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო

კომპანიის გენერალური უფროსი ნიკოლოზ ჩიქოვანი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე "ჯორჯიან მანგანეზს", ფინანსური პრობლემების გამო, მაღაროელებისთვის მხოლოდ ხელფასის 10-15%-იანი ზრდის შეთავაზება შეუძლიათ. ფინანსურ პრობლემებს კომპანიის მმართველი იმით ხსნის, რომ სახელმწიფო მათ მადნის მოპოვების ნებართვას არ აძლევს. 

შეგახსენებთ, რომ 2 დღეში, 19 მაისს ჭიათურაში მერის არჩევნები გაიმართება, სადაც მმართველ გუნდს თავისი კანდიდატი გივი მოდებაძე ჰყავს. სწორედ მის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო აღმოჩნდნენ ქართული ოცნების ლიდერები ჭიათურაში. 

კომენტარები