უმუშევრობა

ჭიაბერაშვილი: სამუშაო ადგილები კი არ შექმნილა, ნაკლებს აქვს მისი პოვნის იმედი

0 კომენტარი
ფოტო: parliament.ge

ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქსტატის განახლებულ მონაცემებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც უმუშევრობა საქართველოში 15 წელიწადში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

ჭიაბერაშვილის თქმით, ადგილი აქვს მანიპულაციას საქსტატის მიერ და ნაცვლად ახალი სამუშაო ადგილების გაჩენისა, სინამდვილეში სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა შემცირდა.

"სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსს მოუწია იმის აღიარება, რომ ქვეყანაში გამეფებულია უიმედობა და ამ უიმედობის გამო ბევრი ადამიანი, რომელიც აქამდე ეძებდა სამსახურს, თავს ანებებს სამსახურის ძებნას. სწორედ ის, რომ სამსახურის მაძიებელთა რაოდენობა შემცირდა, წარმოადგინეს, რომ თითქოს დასაქმება გაიზარდა. სინამდვილეში სამუშაო ადგილები კი არ შეიქმნა მეტი, უბრალოდ ცოტა ადამიანი დარჩა, ვინც ეძებს სამსახურს." - ამბობს დეპუტატი.

22 აპრილს პარლამენტს საქსტატის დირექტორი, გოგიტა თოდრაძე ეწვია. მან თავადაც აღიარა, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა დაკარგა სამუშაოს პოვნის იმედი. შედეგად, ისინი ეკონომიკურად არააქტიურ კატეგორიას მიეკუთვნებიან. ამგვარად, საქსტატი მათ აღარ ითვალისწინებს უმუშევრობის დონის განსაზღვრისას.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის განახლებული მონაცემების მიხედვით, 2018 წელს საქართველოში უმუშევრობა 12.7%-ს შეადგენდა.

ვის თვლის სტატისტიკა დასაქმებულად?

საქსტატის მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ითვლება 15 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც საანგარიშო პერიოდში ასრულებდა განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით. აგრეთვე პირი, რომელსაც აქვს სამუშაო ადგილი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო დროებით არ მუშაობს. 

თვითდასაქმებულად კი ითვლება მესაკუთრე, რომელიც მოგების ან ოჯახის რჩენის მიზნით (ფულით ან ნატურით) მუშაობს. ასევე თვითადასაქმებულად ითვლება პირი, რომელიც ოჯახურ საწარმოში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე (უსასყიდლოდ) მუშაობს. 

უმუშევრად ითვლება 15 წლის და უფროსი მოქალაქე, რომელსაც გამოკითხვის დრომდე შვიდი დღის მანძილზე ანაზღაურების ან სხვა სარგებლის მიღების მიზნით არ შეუსრულებია არცერთი საათის სამუშაო. 

თვითდასაქმებულთა აბსოლუტური ნაწილი, სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. მათი შემოსავლები დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე მინიმალურია და ისინი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 7.7%-ს ქმნიან, როდესაც დასაქმებულთა დანარჩენი ნაწილი, მთლიანი შიდა პროდუქტის 92%-ზე მეტს ქმნის.

თვითდასაქმებულების გარკვეული ნაწილი უსასყიდლოდ ან ნატურისთვის მუშაობს, ანუ ისინი არ იხდიან გადასახადებს, რომლებსაც დაქირავებით დასაქმებულები იხდიან - რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ფორმირებაშიც უმნიშვნელოდ მონაწილეობენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები