"ჩხუბში ეხმარებოდა და არა მკვლელობაში" - რას ამბობდნენ პროკურატურაში კალანდიაზე

"კალანდიას ქმედებასა და სარალიძის სიკვდილს შორის მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს" - ამბობდა დაახლოებით ერთი წლის წინ გიორგი გაბიტაშვილი, მთავარი პროკურორის მოადგილე.

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გაბიტაშვილმა თქვა, რომ გამოძიების ეტაპზე არსებული მტკიცებულებებით კალანდიას ქმედება (სარალიძის დაჭერა და მისთვის მუშტების დარტყმა) არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

"მიზეზობრივ კავშირი ამ ქმედებასა და შედეგს შორის როგორ ხედავთ? რა მიზეზობრივი კავშირია, რა გვარია ის მოწმე? მ.კ-ს ქმედებასა და დამდგარ კავშირს შორის? მ.კ-ს ქმედება გამოიხატა ხელით დარტყმაში, კი ბატონო, მაგრამ ამ ხელის დარტყმასა და დამდგარ კავშირს შორის მიზეზობრივი კავშირი ცალკე აღებული არ არსებობს" - ამბობდა მთავარი პროკურორის მოადგილე.

მისი მტკიცებით, მოზარდების დაპირისპირების დროს მიხეილ კალანდიას მიერ დავით სარალიძეს დაჭერა არ ყოფილა სარალიძის შემაფერხებელი გარემოება.

მიუხედავად იმისა, რომ მოწმეები დათო სარალიძესთან მიხეილ კალანდიას ფიზიკურ კონტაქტზე მიუთითებდნენ, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, გიორგი გაბოძე ამტკიცებდა, რომ კალანდია გ.ჯ.-ს ჩხუბში ეხმარებოდა და არა არასრულწლოვნის მკვლელობაში.

"როდესაც ჯგუფურ დანაშაულში სდებ ბრალს, თანაამსრულებლობას შევეხები მარტო, აქ უნდა იყოს ორმაგი განზრახვა. ანუ მ.კ-ს ასევე გაცნობიერებული უნდა ჰქონოდა, რომ გ.ჯ-ს განზრახული ჰქონდა სარალიძის მკვლელობა. მ.კ ხელს ურტყამდა სარალიძეს, კი ბატონო, მაგრამ საქმის მასალების მიხედვით, ეს ხდება მანამ, სანამ დაინახავს, რომ გ.ჯ არტყამს დანას. ამ პერიოდში მ.კ მოქმედებს აუცილებელი დახმარების პირობებში. მე ვეხები პერიოდს, სანამ გ.ჯ-ს დანა გამოჩნდება, სანამ მ.კ დაინახავს გ.ჯ-ს დანას", - ამბობდა გაბოძე.

მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ პროკურატურის ვერსია ასეთი იყო:

1 დეკემბერს, დილის საათებში, 51-ე სკოლის ორ მეცხრეკლასელს (მათ შორის ერთი მირზა სუბელიანის შვილია) შესვენებაზე საპირფარეშოში ექვსი უფროსკლასელი დახვდა. ერთერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა, რასაც მეცხრეკლასელების უკმაყოფილება და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ერთერთმა უფროსკლასელმა მათ უთხრა, რომ გაკვეთილების შემდეგ ორივეს სკოლის გარეთ შეხვდებოდნენ. სუბელიანის შვილმა დახმარებისთვის არასრულწლოვან ნათესავს, მიხეილ კალანდიას დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო.

კალანდია სკოლასთან შუადღის 2 საათისთვის, მეგობრებთან ერთად მივიდა, მათ 51-ე სკოლის მეცხრე კლასელებიც შეუერთდნენ. სკოლასთან შეკრებილნი იყვნენ დაპირისპირებული მე-11 კლასელები და მათი 15-მდე მხარდამჭერი. მოზარდებმა სკოლის ტერიტორიიდან ხორავაზე, კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს. საუბარი ჯერ შელაპარაკებაში, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ამის შემდეგ პროკურატურა მიხეილ კალანდიას აღარ ახსენებს - გამოძიება ამბობს, რომ დავით სარალიძეს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა გ.ჯ.-მ, ხოლო ლევან დადუნაშვილს გ.ბ.-მ.

დეკემბრის ბოლოს პროკურატურამ არასრულწლოვნებს ბრალდება დაუზუსტა და ამბობდა, რომ დავით სარალიძე გ.ბ-მ და გ.ჯ-მ ჯგუფურად მოკლეს - სხეულის სხვადასხვა მიდამოში დანების გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობას, საგამოძიებო უწყება აღნიშნავს, რომ მას გ.ბ.-მ დანით ჭრილობები სარალიძის მკვლელობის შემდეგ მიაყენა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა. არც ამ შემთხვევაში პროკურატურას მიხეილ კალანდია არ უხსენებია.

მკვლელობიდან ერთ თვეზე მეტი ხნის შემდეგაც, უწყება ამტკიცებდა, რომ საქმეში მხოლოდ ორი დანა ფიგურირებდა. პროკურორ ზვიად ფხაკაძის თქმითვე, გარდაცვლილთა სხეულებზე არსებული დაზიანებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთმანეთთან თანხვედრაშია.

საქმეზე შექმნილმა სპეციალურმა საპარლამენტო კომისიამ კი მოიპოვა ჩვენებები, რომლებიც მიხეილ კალანდიას მხრიდან გარკვეული საგნის, ე.წ. ტარის ქონას და ჩხუბის დროს მის გამოყენებას ადასტურებს.

მეტიც, ჩანაწერი გამოძიებისთვის საწყის ეტაპზევე იყო ხელმისაწვდომი, თუმცა საგამოძიებო კომისიის შექმნამდე გამოძიებას და პროკურატურას ეს დეტალი არ დაუფიქსირებია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მტკიცებულების მოპოვებისთანავე კომისიამ შსს საქმის კურსში ჩააყენა და დროული რეაგირებისაკენ მოუწოდა.

მტკიცებულებების მიხედვით, ე.წ. ტარი მიხეილ კალანდიამ დავით სარალიძესთან ფარდულში ჩხუბისას გამოიყენა, ჩხუბის შემდეგ კი 51-ე სკოლის წინ მეგობრებს აჩვენა და უთხრა, რომ ამ საგანს სარალიძეს ურტყამდა.

კომისიამ მოწმეებისაგან მოიპოვა აღნიშნული საგნის ესკიზი და ამასთანავე, საქმის მასალებში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აჩვენებს მ.კ. მის მეგობრებს აღნიშნულ საგანს.

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი სპეციალური საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოჩნდა ისიც, რომ პროკურატურას და შსს-ს კალანდიას დაპირისპირებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ჰქონდათ. ამასთან, გამოკითხვების დროს, რომლებიც პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა, დადასტურდა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი განადგურებული იყო, ნაწილი გამოძიებამ დროულად არ შეისწავლა, ნაწილი კი მნიშვნელოვნად არ ჩათვალა.

ამ დროისთვის უცნობია რა ახალი მტკიცებულებები აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ. უწყებაში დღეს თქვეს, რომ ეს მტკიცებულებები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მოიპოვეს - ანუ მაშინ, როცა საქალაქო სასამართლომ თქვა, რომ გამოძიებას დათო სარალიძის მკვლელი იდენტიფიცირებული არ ყავდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ შსს-მ მიხეილ კალანდია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ერთი დღის შემდეგ დააკავა. სასამართლომ დაადგინა, რომ არასრულწლოვანი დავით სარალიძე ჯგუფურად მოკლეს. პროკურატურა მთელი ამ ხნის განმავლობაში საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. მოსამართლეთა კოლეგიამ საქმეზე ბრალდებულ გ.ჯ.-ს ბრალი დაუმძიმა და სარალიძის მკვლელობის მცდელობის ნაცვლად, "დაუდგენელ პირთან ერთად" ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა დაუდგინა.

დღეს, 4 ივნისს, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდია პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის ნათესავია. გავრცელებული ინფორმაციით, ის მონაწილეობდა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეში და ფლობს ინფორმაციას "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სწორედ სუბელიანის გავლენებია მის ნათესავ კალანდიაზე ხელის დაფარების მიზეზი.

ამას ემატება ისიც, რომ გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ ვიდეოში მირზა სუბელიანი თენგიზ კალანდიასთან ერთად არის გადაღებული.

ამასთან, ამ ვიდეოსთან დაკავშირებულ ოქმში შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი წერს, რომ კალანდია "უცნობი მამაკაცთან" ერთად არის. როგორც გამომძიებელი, ისე მინისტრი გიორგი გახარია საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ამტკიცებდნენ, რომ ის მირზა სუბელიანს არ იცნობდა და ამიტომ მოიხსენია ასე. თუმცა სატელეფონო ამონაწერი ადასტურებს, რომ მხოლოდ 2017 წლის დეკემბერში, ანუ მკვლელობის თვეში, მირზა სუბელიანი და ირაკლი ფიფია ერთმანეთს ტელეფონით ინტენსიურად ეკონტაქტებოდნენ.​ კომუნიკაცია ხშირ შემთხვევაში იწყება მირზა სუბელიანის ინიციატივით, ხშირ შემთხვევაში ხორციელდება ირაკლი ფიფიას ინიციატივით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე შექმნილი კომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია სწორედ მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება იყო. იგივეს ითხოვდა საქართველოს სახალხო დამცველი.

საგამოძიებო კომისიამ, მას შემდეგ, რაც მთავარი პროკურორი, მინისტრები, თვითმხილველები, ექსპერტები და საქმეში მონაწილე არასრულწლოვნები გამოკითხა, დაასკვნა, რომ გარემოებები მიუთითებს პროკურატურის მოტივაციაზე - მიეჩქმალათ მიხეილ კალანდიას როლი დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში და იგი ჩაენაცვლებინათ გ.ბ.-ით, რომელსაც ისედაც უმტკიცდებოდა ლევან დადუნაშვილის მკვლელობა.

ასევე, კომისია წერდა, რომ: 

  • ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საწყის ეტაპზე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, ოპერატიულად მოხდა ჩხუბის მონაწილეების იდენტიფიცირება, მაგრამ საქმეში ა.ს.-ს მამის, მირზა სუბელიანის გამოჩენის შემდეგ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად, იმ განზრახვით, რომ პასუხისმგებლობა მომხდარ მკვლელობებზე დაკისრებოდათ მხოლოდ გ.ჯ.-ს და გ.ბ.-ს, ამასთან დაფარულიყო მიხეილ კალანდიას და სხვა ფიგურანტების როლი დავით სარალიძის მკვლელობაში.
  • ასევე, დასკვნის მიხედვით, აშკარად იკვეთება, რომ საგამოძიებო უწყებები ცდილობდნენ მიეჩქმალათ მირზა სუბელიანის მონაწილეობა დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობასა და მტკიცებულებების განადგურებაში. ასევე, მათ არ ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, რასაც, შესაძლოა, დანაშაულის ჩადენაში ემხილებინა მიხეილ კალანდია, ა.ს. და სხვა ფიგურანტები.
  • გამოძიებამ ხელი დააფარა მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებს და ნათესავებს, რაც გამოიხატა მიკერძოებულად ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში;
  • გამოძიებამ არ გადაამოწმა დანაშაულში მიხეილ კალანდიას მონაწილეობის ვერსია და, მიუხედავად, მტკიცებულებათა ერთობლიობისა, პროკურატურამ მას ბრალი არ წარუდგინა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში;
  • გამოძიებამ არ გამოავლინა საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოება - მიხეილ კალანდიას მიერ ჩხუბის დროს ე.წ. „ტარის“ ქონა, და დავით სარალიძის წინააღმდეგ მისი გამოყენება.

კომენტარები