აშშ-ირანი

აშშ-მა ირანულ ნავთობკომპანიას რევოლუციურ გვარდიასთან კავშირისთვის სანქციები დაუწესა

Reuters

აშშ-მა უმსხვილეს ირანულ ნავთობ კომპანიას "სპარსეთის ყურის ნავთობქიმიური ინდუსტრიის კომპანიას (PGPIC)" ირანის რევოლუციურ გვარდიასთან კავშირის გამო ეკონომიკური სანქციები დაუწესა.

ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში გააკეთეს.

"ეს ქმედება არის გაფრთხილება, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ სექტორში და სხვაგან იმ ჯგუფების და კომპანიების მიზანში ამოღებას, რომლებიც ირანის რევოლუციურ გვარდიას აფინანსებენ." თქვა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა სტივენ მნუჩინმა.

PGPIC ჯგუფს ირანის ნავთობქიმიური ინდუსტრიის 40%, ხოლო ექსპორტის 50% უკავია.

სახაზინო დეპარტამენტი საერთაშორისო კომპანიებს აფრთხილებს, რომ PGPIC ჯგუფთან პარტნიორობის გაგრძელების შემთხვევაში სანქციები მათაც შეეხებათ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება. ირანთან ენერგორესურსებით ვაჭრობისათვის დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისი ვრცელდებოდა ჩინეთზე, ინდოეთზე, თურქეთზე, იაპონიასა და სამხრეთ კორეაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში 2 მაისამდეა და როგორც პომპეომ თქვა აღარ განახლდება. მიუხედავად ამისა ჩინეთი ამბობს, რომ ირანთან ვაჭრობას გააგრძელებს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით, ირანიდან მომავალი საფრთხის გამო რეგიონში აშშ-ის ავიამზიდს და ბომბდამშენებს განათავსებენ.

2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო. მას შემდეგ აშშ-მა ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც ირანული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

კომენტარები