მოლდოვა

მოლდოვაში მმართველი პარტია ახალმა სამთავრობო კოალიციამ ჩაანაცვლა

0 კომენტარი
მაია სანდუ ფოტო: AFP

მოლდოვაში კონკურენტმა პარტიებმა, სოციალისტურმა პარტიამ და ანტი-კორუფციულმა, პრო-ევროპულმა პარტია ACUM-მა, რომელიც "ქმედებისა და სოლიდარობის პარტიის (PAS)" და "ღირსებისა და სიმართლის პარტიის (DA)" საერთო პლატფორმას წარმოადგენს, სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ისინი ხელისუფლებაში გავლენიანი ბიზნესმენის, ვლადიმირ პლაჰოტნიუკის დემოკრატიულ პარტიას ჩაანაცვლებენ. მის მთავრობას სამოქალაქო საზოგადოება და ევროკავშირი ნაკლები გამჭვირვალობის და კორუფციის გამო აკრიტიკებდა.

პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კოალიცია მოლდოვის ოლიგარქიისაგან გასათავისუფლებლად შეიქმნა. მათი თქმით ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯი სწორედ კორუფციის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამოძიება იქნება.

ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის თებერვალში გაიმართა. სოციალისტურმა პარტიამ ხმათა 31% მიიღო და პარლამენტში 35 ადგილი დაიკავა, დემოკრატიულმა პარტიამ 23.6%-ით 30 ადგილი, ხოლო ACUM-მა 26.8%-ით 26 ადგილი.

ქვეყნის პერმიერმინისტრად ACUM-ის ლიდერი, მაია სანდუ აირჩიეს. სანდუ წარსულში მსოფლიო ბანკში მუშაობდა და შემდეგ მოლდოვის განათლების მინისტრის პოსტს იკავებდა.

"დიქტატორი დაეცა. ოლიგარქიული რეჟიმი დღეს ოპოზიციაშია." თქვა სანდუმ. მისივე თქმით მოლდოვა განაახლებს ევროკავშირთან ურთიერთობებს, რათა კვლავ იქცეს სანდო პარტნიორად. მისივე თქმით პრო-რუსული განწყობების მქონე სოციალისტურ პარტიასთან თანამშრომლობა მარტივი არ იქნება:

"ჩვენს პოლიტიკურ ძალებს შორის განსხვავებები არის. ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რამდენ ხანს გასტანს ალიანსი."

ქვეყნის პრეზიდენტმა, სოციალისტური პარტიის ლიდერმა იგორ დოდონმა მხარეებს ძალაუფლების მშვიდ ვითარებაში გადაცემისაკენ მოუწოდა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კოალიცია ვალიდური არ არის. უცნობია რა ეფექტი ექნება სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. დემოკრატიულ პარტიაში ალიანსს არალეგიტიმური სახელმწიფო გადატრიალება უწოდეს.

კოალიციას უკვე გამოუცხადეს მხარდაჭერა ევროკავშირმა, აშშ-მა და რუსეთმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები