ვალების განულების პროგრამა

კობახიძე: ვალების განულება ენმ-ის მოწოდების გამო დავაჩქარეთ, ინიციატივის წართმევა უნდოდათ

ტვ.პირველი

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ხელისუფლებამ ვალების განულების შესახებ დაპირება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოწოდებების გამო გასცა. ამის შესახებ კობახიძემ TV პირველის ეთერში ეუთოს ანგარიშის შესახებ ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ეუთოს შეფასებით, წინასაარჩევნოდ, 600 000 მოქალაქისთვის სესხის განულების დაპირება შესაძლოა გაუთანაბრდეს ხმების ყიდვის ფაქტს.

"კონტექსტი ხომ უნდა გავიხსენოთ? მერე ვესაუბრებოდით ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და განვიხილეთ ეს საკითხი. წარმოიდგინეთ, არავის არ ახსოვს, იქ რა მოხდა რეალურად ამასთან დაკავშირებით. ეს პროექტი [ვალების განულება] განიხილებოდა და ამის თაობაზე დააანონსა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე თვით ადრე, საერთოდ არ იყო მაშინ არჩევნები.

უცბად ნაცმოძრაობის ოფისს მიუვიდა ინფორმაცია, ჭორი იმის შესახებ, რომ ჩვენ ამის დაანონსებას ვაპირებდით პირველი ტურის შემდეგ, კონკრეტულ დღეს, რაც არასწორი ინფორმაცია იყო, თუმცა მათ ეს მიუვიდათ. მეორე დღეს ჩაატარა ბრიფინგი მათმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ლიდერებთან ერთად და გამოაცხადა, აბა, თუ ბიჭები ხართ, ხვალ ვალები გაანულეთო. მეორე დღეს გამოვიდა მამუკა ბახტაძე და თქვა, რომ ბიჭები ვართ და გავანულეთ ვალებიო. მათ რომ ეს განცხადება არ გაეკეთებინათ, მეორე ტურამდე ამის გაკეთებას არ ვაპირებდით. რაც გვითხრა მთავარმა ოპონენტმა, ის გავაკეთეთ მეორე დღეს. ამ შემთხვევაში, დავუჯერეთ [სააკაშვილს], უკვე გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგვაყენა, რადგან გამოდიოდა, რომ ეს მათი ინიციატივა იყო. ინიციატივის წართმევის მცდელობა ჰქონდათ, აპირებდნენ, რომ ეს გამოეყენებინათ საკუთარი პროპაგანდისთვის, რომ "აი, ჩვენ მოვუწოდებთ ვალების განულებისკენ და ისინი ამას არ აკეთებენ". ამას მოსყიდვასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, შესაბამისად, სამწუხაროა, რომ ამ ნაწილში ასეთი შენიშვნა აიისახა თუნდაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დოკუმენტებში, რეალურად, ამას ჰქონდა თავისი კონტექსტი" - განაცხადა კობახიძემ გადაცემაში "რეაქცია".

მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარებულიყო, საქართველოს მთავრობამ სოციალური და პოლიტიკური მიმართულებით, რამდენიმე პოპულისტური დაპირება გასცა. ჩამონათვალი, რა გააკეთა პირველი ტურის შემდეგ საქართველოს მთავრობამ და რის გაკეთებას დაპირდა მოსახლეობას, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები