ქალი საზღვაო მაშველები

"ზატო ხელოვნური სუნთქვა ეცოდინებათ" - რას წერს ბათუმის საკრებულოს ენმ-ს წევრი ქალ მაშველებზე

0 კომენტარი
ფოტო: imedinews

"ზატო ხელოვნური სუნთქვა ეცოდინებათ", - ასე ეხმაურება ბათუმის საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აჭარის სანაპიროზე პირველი ქალი მაშველების გამოჩენას.

ნოდარ დუმბაძე ტაბულასთან ამბობს, რომ ასე საზოგადოებას უპასუხა იუმორით, რადგან ქალი მაშველების თემა სოციალურ ქსელში ძალიან აქტუალური იყო. მას ეს კომენტარი სექსისტურად და შეურაცხმყოფლად არ მიაჩნია, თუმცა შეუძლია მაშველ ქალებს ბოდიში მოუხადოს.

"არც მიფიქრია და არც გონებაში მქონია, რომ სექსისტური კომენტარი გამოვიდოდა, როგორც საზოგადოებამ აღიქვა. მიზანმიმართულად სექსისტური განცხადება არ გამიკეთებია და თუ ეს საზოგადოებამ ასე აღიქვა, არც ბოდიშის მოხდა მეთაკილება ამ გოგოებთან მიმართებაში. მე არ მიმაჩნია, რომ ეს სექსისტური განცხადებაა, მაგრამ შემიძლია ბოდიში მოვუხადო ამ გოგოებს. ძალიან აჟიოტაჟი იყო ატეხილი ამ თემაზე სოციალურ ქსელში და საზოგადოებას ვუპასუხე იუმორით, მეტი არაფერი. გამოვიდა, რომ სექსსტურ განცხადებად ჩაითვალა ჩემი კომენტარი", - ამბობს ის.

სოციალურ ქსელში იმავე პოსტზე, სადაც ეს კომენტარი დაწერა, ნოდარ დუმბაძე ასევე წერს:

"როცა იხჩობი და შველა გჭირდება პროფესიონალმა უნდა დაგეხმაროს და გადაგარჩინოს..."

"პროფესიონალობა რაში შეამჩნიე დედას გაფიცებ?"

ტაბულამ ბათუმის საკრებულოს წევრს ჰკითხა, რატომ ეპარება ეჭვი ქალი მაშველების შესაძლებლობებში და არის თუ არა ამის მიზეზი მათი სქესი. ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ ისინი გამოუცდელები არიან.

"რატომღაც მე ვფიქრობ, რომ ისინი ვერ მოახერხებენ დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ამ წუთას. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ჯერ გამოუცდელები არიან, ძალიან საპასუხისმგებლო მისია აკისრიათ ამ ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება და სტერეოტიპის დამსხვრევად მონათლეს მათი ეს ნაბიჯი. მე ვფიქრობ, რომ გაუჭირდებათ იმ პასუხისმგებლობის შესრულება, რასაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ჰქვია", - ამბობს ის.

მას ეჭვი ეპარება, რომ ქალ მაშველებს შესაბამისი მომზადება აქვთ გავლილი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან, სადაც ნორმატივებს რამდენჯერმე არიან და მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მათ მომზადება გაიარეს.

"ამ შემთხვევაში 19 და 20 წლის სტუდენტებზეა საუბარი და მაგიტომ შემეპარა ეჭვი, რომ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება, რომელიც დიდი პასუხისმგებლობაა, გაუჭირდებათ", - ამბობს ნოდარ დუმბაძე.

ტაბულამ ნაციონალური მოძრაობის წევრს ასევე ჰკითხა, იცის თუ არა, რომ ბიჭი სეზონური მაშველების არცთუ მცირე ნაწილი სწორედ 19-20 წლის სტუდენტია. ნოდარ დუმბაძემ თქვა, რომ არ აქვს ინფორმაცია და ასეთ ბიჭებს არ იცნობს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2019 წლის საზღვაო სეზონზე მაშველებს შორის ქალებიც იქნებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გუშინ, 13 ივნისს გაავრცელა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მაშველები ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და მათ ფიზიკური მომზადების ნორმატივი უკვე ჩაბარებული აქვთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები