ავტოსაგზაო შემთხვევა

თუშეთში ავტომანქანის გადავარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი - დაშავდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თუშეთში ავტომანქანის გადავარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი - დაშავდა. გარდაცვლილიც და დაშავებულიც საქართველოს მოქალაქეები არიან.

"სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ავტომობილის მგზავრი 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე. აღნიშნული ავტომობილის მძღოლი, ასევე საქართველოს მოქალაქე კი დაშავებულია, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებს შსს.

ფშაველი-ომალოს მე-18 კმ-ზე ჯიპის მარკის ავტომობილი სიმაღლიდან რამდენიმე საათის წინ გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები