ლგბტ კვირეული

"ვინც იმუქრება, ისინი უნდა გაიყვანონ და დასაჯონ" - ელენე ხოშტარია კანცელარიასთან მივიდა

ტაბულა

კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია მივიდა. მან სამართალდამცველებს მოუწოდა, მოძალადეები გაიყვანონ და არა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები. ხოშტარიას შეფასებით, სახელმწიფოს არასწორი დამოკიდებულება აქვს აზრის გამოხატვის და ძალადობის მიმართ.

"გადაწყვტილება უნდა იყოს მიღებული, რომ ვინც იმუქრება, ისინი გაიყვანონ. მე აქ მოვედი, ვიცავ კანონს და ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, ვინც არიან დაჩაგრულები. კანონი ამბობს, რომ ვინც იმუქრება, ისინი უნდა გაიყვანონ და დასაჯონ" - თქვა ხოშტარიამ.

დეპუტატის აზრით, "მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ პოლიცია ძალადობას აღკვეთს".

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ლგბტ პრაიდის კვირეულის ჩატარება არ დაუშვას. ამის შემდეგ, 19:00-ზე თბილისის პრაიდის ორგანიზატორებმა დააანონსეს აქცია "სად ხარ სახელმწიფოვ". ადგილზე მისულ აქტივისტებს კი, კანცელარიასთან ფაშისტური ჯგუფები დახვდათ.

ამის შემდეგ, პოლიციამ თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი "განარიდა" და ტერიტორიიდან ძალით გაიყვანა. სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს და მთავრობის კანცელარიასთან თბილისი პრაიდის მხარდამჭერები აღარ შეუშვეს. "უსაფრთხოების მიზნით", LGBT პრაიდის კვირეულის აქტივისტებს კიბეებთან მოუწიათ აქციის ჩატარება. 

კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და Tbilisi Pride-ის მხარდამჭერებთან მისვლა სცადეს, რა დროსაც, რამდენიმე მათგანი დააკავეს. 

სამართალდამცველებმა ადგილზე ყვითელი ავტობუსი მიიყვანეს. თბილისი პრაიდის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარის თქმით, აქციის მონაწილეები არ აპირებენ მთავრობის კანცელარიის ტერიტორიიდან ყვითელი ავტობუსებით გასვლას. ასევე, Tbilisi Pride მოუწოდებს პრემიერმინისტრს, შს მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, დაგმოს ძალადობა და ძალადობის წახალისება. ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლის გურამ ფალავანდიშვილის თქმით კი, "არ არის გამორიცხული, ჩვენ თვითონ დავშალოთ LGBT პრაიდის მხარდამჭერთა აქცია".

კომენტარები