კრიმინალი

შსს: ექიმმა პაციენტს დახმარება არ გაუწია, რის შემდეგაც კაცმა 12 წლის ძმისშვილი მოკლა

1tv.ge

სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ბრალდებით ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ექიმი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 თებერვალს, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეს მოქალაქე ვ.ი.-მ და მისმა ნათესავებმა. მათ ექიმ თ.ა.-ს პაციენტ ვ.ი.-ს ფსიქიატრიული გამოკვლევა და სტაციონარში მოთავსება სთხოვეს. ექიმმა არ გაუწია შესაბამისი დახმარება, რის შემდეგაც ვ.ი.-მ. სამედიცინო დაწესებულება დატოვა. მეორე დღეს მან დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა  12 წლის ძმისშვილს გ.ი.-ს, რომელიც გარდაიცვალა. საქმეზე ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ვ.ი.-ს აღენიშნებოდა ფსიქიკური აშლილობა ეპილეფსიური ფსიქოზი და არსებობდა რისკი, რომ მას მიეყენებინა ზიანი როგორც საკუთარი თავისათვის, ასევე სხვისთვის" - აცხადებს შსს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 5 წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმე ეხება რუსთავში 4 თვის წინ მომხდარ მკვლელობას. ახალგაზრდა მამაკაცმა 12 წლის ძმისშვილი მოკლა, რის შემდეგაც, მისმა მეგობრებმა არასათანადო სამედიცინო მომსახურებაზე ისაუბრეს. 29 წლის მამაკაცის მეგობრები ამბობენ, რომ მათი მეგობარი "რაღაც არაადეკვატურად იქცეოდა" და გადაწყვიტეს კლინიკაში წაეყვანათ. მათი მონაყოლიდან ირკვევა, რომ თავდაპირველად რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს მიმართეს, სადაც გადასხმა გაუკეთეს და უთხრეს, რომ მამაკაცი მათი პაციენტი არ არის და თბილისში გადაყვანაა საჭირო.

მამაკაცი თბილისში თავდაპირველად ფსიქიატრიულ კლინიკაში მიიყვანეს, სადაც პაციენტი "წესიერად არც შეამოწმეს, რაღაცა გამოელაპარაკნენ". მეგობრების თქმით, შენობაში შეიყვანეს მამაკაცის ცოლიც. ქებულაძე ამბობს, რომ კლინიკის წარმომადგენლებს "გასაგებად აუხსნეს, რომ რაღაცებს ხედავს, რაღაცები ეჩვენება, რაღაცები ავიწყდება, ვიღაცას დასდევს", თუმცა იქ უთხრეს, რომ ადგილები არ არის. 

ამის შემდეგ, როგორ 29 წლის მამაკაცის მეგობარი ყვება, იქვე გვერდით შევიდნენ, რადგან "ორივე ერთად არის, ნარკოლოგიურიც და ფსიქიატრიულიც". მისი თქმით, კლინიკის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ მათ მეგობარს "შველა სჭირდება", თუმცა იქ მკურნალობის საფასურის, 3000 ლარის წინასწარ გადახდა მოითხოვეს, რის გამოც მეგობრებმა კაცი რუსთავში წაიყვანეს.

დეტალურად, რატომ ვერ მიიღო ფსიქიკური დახმარება მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელიც ცენტრში თავად მივიდა, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები