არჩევნები 2020

ჩუგოშვილი: მარტო "ოცნება" პროპორციულ არჩევნებს ვერ მიიღებს, საჭირო იქნება ოპოზიციის ხმებიც

თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში 0%-იანი ბარიერი და ბლოკებად გაერთიანების წესი ერთმანეთს გამორიცხავს. 

ქართული ოცნება 1-ლ ივლისს გეგმავს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გეგმის პრეზენტაცია გამართოს. 

საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებაში მონაწილეობას მიიღებს ევროპული საქართველო, რომლის წევრების თქმითაც, პროპორციული არჩევნები მათთვის ყველაზე პრინციპული საკითხია. პარტიისთვის მეორეხარისხოვანია საპროცენტო ბარიერის საკითხი, თუმცა, მხარს უჭერენ როგორც 3%-იან ბარიერს, ისე ბლოკებად გაერთიანების წესის ძალაში დატოვებას. 

უპროცენტო ბარიერი მიუღებელია ნაციონალური მოძრაობისთვის.  

ჩუგოშვილი ამბობს: 

"ინდივიდებთან, რომლებიც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და რომლებიც სახელმწიფოს დამხობისკენ აკეთებენ მოწოდებებს, პოლიტიკური მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ. მაგრამ ეს შეეხება კონკრეტულ სახელებს და გვარებს და არა პარტიებს.

"ნაციონალური მოძრაობა" არის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში და რა თქმა უნდა, მათ თუ სურვილი ექნებათ ან შეხვედრაზე მოსვლის ან საუბრის, ამის პრობლემა არ ექნებათ. რომც დაუჭიროს უმრავლესობის ყველა წევრმა, უმრავლესობას არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. "ქართული ოცნება" მარტო ამ საკონსტიტუციო ცვლილებას ვერ გაიტანს და ამისთვის მას დასჭირდება საპარლამენტო ოპოზიციის ხმები.

მე ვერ გამოვრიცხავ, რომ იყოს უმრავლესობის რამდენიმე წევრი, რომლისთვისაც მიუღებელი იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლა და ეს თქვენთვის სიახლე არ არის.

უხერხულია, მეტი თუ არაფერი, გინდოდეს პოლიტიკურ ძალას რომ პარტიად მიიჩნეოდე ქვეყანაში, ადგილი გინდოდეს საქართველოს პარლამენტში და ამბობდე, რომ 0.7%-იც კი არ დამიჭერს მხარს მე ქვეყანაში, მაგრამ მაინც უნდა აღმოვჩნდე პარლამენტში. მე მგონი, ეს არ არის ჯანსაღი და სწორი მიდგომა, ამიტომ 0%-იანი ბარიერი და ბლოკები, ფაქტობრივად გამორიცხავს ერთმანეთს", - თქვა თამარ ჩუგოშვილმა. 

ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ 24 ივნისს განაცხადა. მმართველმა გუნდმა ეს გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო. 

მათი შემოთავაზებით, გაუქმდება საპროცენტო ბარიერი. 

20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, პროტესტის მე-11 დღეს აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. პროტესტის დაწყებისას მათ სამი მოთხოვნა ჰქონდათ: პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წელს, 20 ივნისის ღამეს ყველა დაპატიმრებული მოქალაქის გათავისუფლება და გახარიას გადადგომა. შეუსრულებელი მხოლოდ ეს უკანასკნელია. 

ქართულმა ოცნებამ ასევე დააანონსა, რომ "პროპორციული არჩევნები 2020"-ის პრეზენტაციას 1-ლ ივლისს გამართავს.

რა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა და რით განსხვავდება ის დღევანდელისგან, წაიკითხეთ აქ

კომენტარები