ნიკა მელიას საქმე

მელია: აუცილებლად მივალ პარლამენტის სხდომებზე და ვივლი ყველა იმ შეხვედრაზე, რაზეც დავდიოდი

0 კომენტარი
ფოტო: მეორე არხი

"აუცილებლად გამოვალ სახლიდან და მივალ პარლამენტში სხდომაზე დასასწრებად და ვივლი ყველა იმ შეხვედრაზე, რომლებზეც აქამდე დავდიოდი," - დეპუტატი ნიკა მელია მასზე ელექტრონული კონტროლის დაწესებას აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლება მისი პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორებას ცდილობს.

სააპელაციო სასამართლომ დღეს ძალაში დატოვა საქალაქოს გადაწყვეტილება და ნიკა მელიას აღკვეთის სახით პატიმრობა არ შეუფარდა, თუმცა მოსამართლის გადაყწვეტილებით, ნიკა მელიაზე ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება, მას სპეციალურ სამაჯურს დაუმაგრებენ.

სააპელაციომ ასევე არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ადვოკატები საქალაქოს მიერ, მელიასთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვდნენ.

საქალაქოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ეკრძალება, საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე, საზოადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება.

"ის, რომ ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა, ეს არის პირდაპირი წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან, ახლა დამიმატეს რაღაც სამაჯური უნდა გავიკეთო და ასე უნდა მოხდეს ჩემი გადაადგილება. ეს არის მკვეთრად წინააღმდეგობაში მოსვლა კონსტიტუციასთან და საპარლამენტო რეგლამენტთან. მე ისეთივე დეპუტატი ვარ, თავისი უფლებებით და ვალდებულებით, როგორი არის დანარჩენი 149. პარლამენტის წევრს ეუბნებიან, არათუ შეეშვი პოლიტიკურ საქმიანობას და სახლში იჯექი, არამედ საპარლამენტო საქმიანობაც არ აწარმოო. საკონსტიტუციო სასამართლოშიც გავასაჩივრებთ იმ მუხლს, რომლითაც მე პოლიტიკური საქმიანობა შემეზღუდა. როდესაც ჩაინიშნება პარლამენტში სხდომა, მე აუცილებლად შევატყობინებ პროკურატურას, რახან ასე უნდათ. აუცილებლად გამოვალ სახლიდან და მივალ სხდომაზე დასასწრებად. თუ მოქმედ დეპუტატს პარლამენტში მოსვლის გამო დააკავებენ, მათ სინდისზე და ნამუსზე და მათ ზნეობაზე იყოს. ისინი ცდილობენ, პოლიტიკური საქმიანობისგან მაქსიმალურად ჩამომაშორონ. აუცილებლად ვივლი არა მარტო პარლამენტში, არამედ ყველა იმ შეხვედრაზე, რომელზეც აქამდე დავდიოდი, იქნება ეს აბაშა, ზუგდიდი, ქუთაისი თუ თერჯოლა." - ამბობს მელია.

მალიას თქმით, ის შეატყობინებს პროკურატურას ყველა სახლიდან გასვლას, თუმცა საქმიანობის შეზღუდვას არ აპირებს.  

"კი ბატონო ვაცნობებ, სახლიდან ყველა გამოსვლას, ისინი ასევე ამბობენ, რომ ცნობის შემდეგ გადაწყვეტენ უნდა გამოვიდე თუ არა სახლიდან, საბჭოთა კავშირი რა არის, თუ არა ეს?! თუ დამნაშავე ვარ აქ კი არ უნდა ვიდგე ციხეში უნდა ვიყო, თან მეუბნებიან არახარო დამნაშავე, მათივე სტანდარტებით და თან მეუბნებიან სახლში იჯექიო, არ გამოხვიდე სახლიდანო, არ გამოვა ჩემო ბიძინა ასე, თქვენ ვეღარ კარნახობთ თუ როგორი იყო პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში, თქვენ ხართ პოლიტიკური დამნაშავე როგორც მინიმუმ და დარწმუნებული ვარ რომ ადრე თუ გვიან ქართული მიუკერძოებელი მართლმსაჯულების წინაშე პასუხს აგებთ გახარიანად. თქვენს უსამართლო დაკრულზე არავინ ცეკვას არ აპირებს," - ამბობს ნიკა მელია. 

26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა საგამოძიებო უწყებას მელიას დაკავების შესაძლებლობა მისცა, მას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერეს. 

მელიას მმართველი გუნდი და მათგან გამომდინარე, პროკურატურა 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის, ორმა თვალი დაკარგა, კიდევ ორი - ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. მათ გარდა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი. ერთი კვირაა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ. მმართველი გუნდი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება, ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები