რუსული ოკუპაცია

პოლიციამ ანტისაოკუპაციო აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი სცენასთან არ მიუშვა

აქცია "სირცხვილიას" ერთ-ერთი ორგანიზატორი, მარიამ გეგუჩაძე პოლიციამ პარლამენტთან სცენასთან არ მიუშვა, სადაც აქციას მე-19 დღეა იმართება. 

გეგუჩაძის თქმით, პოლიციამ მას განუმარტა, რომ ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით არ უშვებენ. ამას კი პროვოკაციის თავიდან არიდებით ამართლებენ.

"მივედი აქციაზე, სადაც არიან არიან ჩვენი აქციის სხვა ორგანიზატორები და მონაწილეები. პოლიციამ მითხრა, რომ შიგნით მყოფი ადამიანების უსაფრთხოებას იცავს, რის გამოც მე ვერ შემიშვებენ. ამაზე ვუპასუხე, რომ მეც მათთან ერთად ვარ და ჩემი უსაფრთხოებაც უნდა დაიცვან, რადგან მეც აქციის ნაწილი ვარ.

მითხრეს, რომ იქ თავიდან არ ვიყავი და შეიძლება მოხდეს პროვოკაცია. ავუხსენი, რომ როცა გარეთ ვდგავარ, პოლიციის გარეშე, პროვოკაციის უფრო მეტი შანსია, რაზეც ისევ მიპასუხეს, რომ არ შემიშვებენ," - ამბობს გეგუჩაძე ტაბულასთან ინტერვიუში.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პრორუსულმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა დღეს დილიდან დაიკავეს. დეკანოზი დავით ისაკაძე ტერიტორიის ბანერებისგან გასუფთავებას ითხოვს და აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ანტისაოკუპაციო აქციებს აღარ ჩაატარებინებს. ისინი პარლამენტთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაიგეს, რომ დღეს დაგეგმილი ღირსების მარში გაუქმდა.

ცნობისთვის, ორ კვირაზე მეტია, 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, პარლამენტთან შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება. გეგმის მიხედვით, "სირცხვილია" დღეს, 19:00-ზე უნდა განახლდეს.

რამდენიმე საათის წინ სცენასთან მისვლის პრობლემა შეექმნა აქციის კიდევ ერთ მონაწილეს. 

კომენტარები