გავრილოვის ღამე კი არა, ჭიჭიკოს ღამე კიდე - ქუცნაშვილის თქმით, საზოგადოებამ სიმართლე არ იცის

საქართველოს პარლამენტი

გავრილოვის ღამე არის რუსთავი 2-ის იარლიყი, იმიტომ რომ გავრილოვი საერთოდ არ ყოფილა თბილისში, ის გაფრინდა შუადღეს, 5 საათსა და 30 წუთზე - ამის შესახებ ზაქარია ქუცნაშვილმა BM.GE-ისთან სატელეფონო საუბრისას თქვა. 

"თუ ჩვენ ფაქტები გვინდა და თუ სიმართლე გვინდა ის არ ყოფილა თბილისში. იმ ღამეს თუ ვარქმევთ ვინმეს სახელს, ის ადამიანი მინიმუმ იქ უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ის იყო ძალადობის ღამე, რომელიც მოტივირებული იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილით, ვიდრე - გავრილოვის ღამე. აქედან გამომდინარე მე მიყვარს სიმართლე და არა გვარამიას კლიშეებით საუბარი."- ამბობს ქუცნაშვილი. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რამ გამოიწვია საპროტესტო აქცია 20 ივნისს, ქუცნაშვილი პასუხობს, რომ ჟურნალისტმა თავად უნდა გასცეს ამ კითხვას პასუხი. 

"გავრილოვის ღამე დაარქვა ნიკა გვარამიამ და თქვენ მაგას იმეორებთ ანუ გვარამიას სტანდარტებით მელაპარაკებით. თუ ობიექტური ადამიანი ბრძანდებით, მოდით ჩემთან და დაგანახებთ, რომ ადგილი ჰქონდა პატრიოტიზმის თემით მანიპულირებას ძალაუფლების მოპოვების სურვილით, ეს იყო და მეტი არაფერი. პატრიოტიზმის თემა მგრძნობიარე და ადვილად მანიპულირებადი თემაა და შესაბამისად, ეს თემა გამოიყენეს ძალაუფლების მოპოვების სურვილით, მაგრამ ვერ მოიპოვეს",- ამბობს ქუცნაშვილი. 

მისივე თქმით, გავრილოვთან დაკავშირებით ის პასუხიმგებლობას არ გრძნობს და რაც მოხდა "უზარმაზარი ქაჯობა" იყო. 

"წმინდანის სკამია პარლამენტის თავმჯდომარის სკამი? თუ რა არის ვერ გავიგე? თუ როდის გახდა წმინდანის სკამი - ნინო ბურჯანაძე რომ იჯდა მაშინ თუ კაკო ასათიანი რომ იჯდა მაშინ?",- ამბობს ქუცნაშვილი.  

მისივე თქმით, საზოგადოება კლიშეების ქვეშაა და ობიექტურობას მოწყვეტილია 

"რეალურად მანდ რაც იყო გადაცდომა, იყო ის, რომ საზოგადოებამ ვერ მიიღო სიმართლე მტრის თაობაზეც კი. საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ვითომ ეს გავრილოვი იყო საქართველოს დამბობმბავი, აფხაზეთში ნაომარი, ქართველების სისხლის მსმელი და სწორედ ასე იყო გაყალბებული ფაქტები",- აღნიშნავს ის. 

20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე შეგიძლიათ ვრცლად წაიკითხოთ აქ.

კომენტარები