საქართველოს სახალხო დამცველი

ომბუდსმენი: პოლიტიკოსების მხრიდან ქალებზე სექსისტური გამონათქვამების ზრდა საგანგაშოა

სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი საგანგაშოდ მიიჩნევს ბოლო პერიოდში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილე ქალების მიმართ სექსისტური გამონათქვამების მომრავლებას პოლიტიკოსების და საჯარო პირების მხრიდან.

ომბუდსმენი ამბობს, რომ მათ შორის, აღსანიშნავია თინათინ ბოკუჩავას და ინგა გრიგოლიას მიმართ გამოთქმული სექსისტური მოსაზრებები.

"საგანგაშოა, რომ სექსისტური ფრაზების ავტორები, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკოსები, მათ შორის, არჩევითი ორგანოების - პარლამენტის და საკრებულოების წევრი კაცები არიან. მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ
ეფუძნება ობიექტურ, პროფესიულ კრიტიკას, არამედ განპირობებულია გენდერული სტერეოტიპებით და აქცენტს მსხვერპლის სქესსა და სექსუალობაზე აკეთებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სექსისტური გამონათქვამები ქალთა მიმართ პოლიტიკური ბრძოლის ხერხია, რომელიც არა რეალურ კრიტიკას და ოპონირებას, არამედ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ქალების დამცირებას ისახავს მიზნად", - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ამასთან, ომბუდსმენის თქმით, მსგავსი შემთხვევების ანალიზის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ძალადობის და დისკრიმინაციის გაზრდილი რისკის ქვეშ არიან საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული ქალები, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ტაბუდადებულ თემებზე საუბარს, დუმილის კულტურის დარღვევას და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების შეცვლაზე მიმართულ მუშაობას.

"პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე პირებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანასწორობის მიღწევის პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ, ვინაიდან მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ", - აღნიშნავს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის აზრით, ქალთა პოლიტიკური და სოციალური ცხოვრებიდან გარიყვის საპასუხოდ, აუცილებელია, დადგეს სექსისტური გამონათქვამების ავტორების იმგვარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელსაც შემაკავებელი ეფექტი ექნება მომავალში დისკრიმინაციისა და ძალადობის წამახალისებელი გამონათქვამების გავრცელებაზე.

გარდა ამისა, ომბუდსმენი მოუწოდებს პოლიტიკოსებს და საჯარო ფუნქციის მატარებელ პირებს თავი შეიკავონ დისკრიმინაციული შინაარსის გამონათქვამებისგან და მათი საქმიანობისას ხელი შეუწყონ გენდერული თანასწორობის დაცვას. სახალხო დამცველის აზრითვე, მნიშვნელოვანია, ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში შემუშავდეს ეთიკის კოდექსი, რომლითაც სექსისტური თუ სხვა სახის დისკრიმინაციის წამახალისებელ გამონათქვამების შემთხვევაში სამართლებრივი სანქცია იქნება გათვალისწინებული.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა, შს მინისტრთან ინტერვიუს გამო ტვ პირველის წამყვანს, ინგა გრიგოლიას, შეურაცხყოფა მიაყენა.

"ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის" - წერს ლევან ონიანი "ქართული ოცნების" ერთერთი აქტივისტის პოსტის კომენტარებში. 

ინგა გრიგოლიას მისამართით შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი კომენტარი დაწერა ხაშურის საკრებულოში პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა, ალექსანდრე სიმონიშვილმაც

"ინგა გრიგოლია არის ძუკნა და ქვეყნის მტერი!!! ხაშურის რაიონის საკრებულოს წევრი ვარ !!! გავიმეორებ ათასჯერ", - დაწერა მან.

სექსისტური მიმართვების ადრესატი არაერთხელ გამხდარა ენმ-ის დეპუტატი თინა ბოკუჩავა. 26 ივნისს დეპუტატმა ქართული ოცნებიდან, ნუკრი ქანთარიამ მას ასე მიმართა:

"კარქით, კარქით, კარქით, კარქით, კარქით, კარქით ნუ ჭყივიხართ; არ გვინდა თქვენი წიწინიწიწინი არ გვინდა, წიწინი არ გვინდა, წიწინი არ გვინდა. აბა, გაჩერდი ერთი წუთი, გაჩერდი გენაცვალე. იოგებს გაუფრთხილდი, პატარა გოგო ხარ, იოგებს გაუფრთხილდი თუ შეიძლება, გამოგადგება მომავალში".

კომენტარები