ილონ მასკი

ილონ მასკი ადამიანის ტვინის კომპიუტერთან დაკავშირებას გეგმავს

"ტესლას" დამფუძნებელი, ილონ მასკი აპირებს, ადამიანის ტვინი კომპიუტერს დაუკავშიროს.  

ილონ მასკმა და მისმა კომპანიამ "ნეურალინკმა" სისტემა მაიმუნის ტვინზე გამოსცადა. ცხოველებს კომპიუტერის კონტროლი ტვინით შეეძლოთ. კომპანიის განცხადებით, მათ სურთ, პროექტი მძიმე ნევროლოგიური პირობების მქონე ადამიანებზე გამოსცადონ. თუმცა, საბოლოო ჯამში, მიზანი ხელოვნური ინტელექტის მქონე ადამიანის მიღებაა.   

კომპანიის განმარტებით, მექანიზმი 3 000 ელექტროდს შეიცავს, რომელიც ადამიანის თმის ღერზე უფრო წვრილ, მოქნილ ძაფებზეა განლაგებული. ისინი ადამიანის ტვინის 1 000 - ზე მეტი ნეირონის მოქმედებას გააკონტროლებს. 

მასკის თქმით, სისტემის ყველაზე დიდი სარგებელი იქნება ის, რომ მისი საშუალებით შესაძლებელი გახდება ტვინის კონკრეტული ნაწილების გამოკვლევა, რათა შემდეგ უსაფრთხოდ გაკეთდეს ქირურგიული ჩარევა. 

"თუ თქვენი ბიოლოგიური მე გარდაიცვლება, თქვენ შეგეძლებათ საკუთარი თავი, პირდაპირი მნიშვნელობით, ახალ განყოფილებაში ატვირთოთ,"-თქვა ილონ მასკმა.   

"ტესლას" დამფუძნებლის განმარტებით, ადამიანის ტვინისა და ინტერფეისის დაკავშირებით "სუპერ ინტელექტის" შექმნა იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, პროექტში გასაკვირი არაფერია, რადგან ადამიანების ტვინი დიდი ხანია მობილურ ტელეფონებზეა "მიბმული". თუმცა, სმარტფონიდან გონებაზე ინფორმაციის გადაცემის არხები არც თუ ისე სწრაფია, ამიტომ პროცესი უნდა დაჩქარდეს, რათა უფრო ჭკვიანი ადამიანი მივიღოთ. 

"ნეურალინკს" ჯერ არ განუმარტავს, თუ როგორ შეძლებს სისტემა ტვინის აქტივობის გადათარგმნასა და მისი უჯრედების სტიმულირებას.  

პროექტი ამერიკის საკვებისა და წამლის უსაფრთხოების ადმინისტრაციამ უნდა დაამტკიცოს. მასკი გეგმავს, რომ "ნეურალინკში" მეტი მეცნიერი მიიწვიოს. ამ დროისთვის ორგანიზაციას 100 - მდე თანამშრომელი ჰყავს. თანხმობის მიღების შეთხვევაში, პროექტის განხორციელებას რამდენიმე წელი დასჭირდება. 

კომენტარები