ირაკლი ოქრუაშვილი

სასამართლომ ოქრუაშვილს რუსთავი 2 - ის წილების დაყადაღებაზე უარი უთხრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნა რუსთავი 2-ის წილების დაყადაღებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.   

ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა. ის ამბობს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ან გაასაჩივრებს, ან ხელახლა მოითხოვს ყადაღას.   


"საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა რუსთავი 2-ის წილებზე ყადაღის დადებაზე ჩვენთვის სრულიად სასაცილო მოტივით. თითქოს მოთხოვნა ყადაღის დადებაზე უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერთად. ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია, კანონით ამისთვის გვქონდა ათდღიანი ვადა. სასამართლომ პინგ-პონგის პრინციპით გააგრძელა ჩვენთან ურთიერთობა - გადმოგვიგდო გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ჩვენ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. ახლა გვაქვს არჩევანი-გავასაჩივროთ გადაწყვეტილება, ან ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა,"-თქვა ირაკლი ოქრუშვილმა ბრიფინგზე.   

ოქრუაშვილის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება შერჩევითი სამართალია. 

"ფაქტია, რომ სასამართლოში კვლავ შერჩევითი სამართალია. ჩვენ განცხადება გვქონდა შეტანილი ზუსტად იმავე ტექსტით, წერტილი და მძიმეც კი არ აკლდა, რაც ხალვაშმა შეიტანა, როდესაც დააყადაღა რუსთავი 2-ის წილები. ასე რომ, ფაქტია სახელე, ათი დღის წინ დანიშნული მოსამართლის გადაწყვეტილება არის შერჩევითი და მეტი არაფერი,"-თქვა მან. 

ირაკლი ოქრუაშვილმა რუსთავი 2-ის წილების დაყადაღების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. მისი ადვოკატის თქმით, მოთხოვნის და სარჩელის სასამართლოში შეტანის საფუძველს ირაკლი ოქრუაშვილს 2010 წელს ბერლინში ქიბარ ხალვაშთან დადებული შეთანხმება აძლევს, რომლის მიხედვითაც ოქრუაშვილი რუსთავი 2-ის მფლობელთან აფილირებული პირი გახდა. მისივე თქმით, შეთანხმების მიხედვით დასტურდება, რომ რუსთავი 2-ის წილი შეიძინა ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით.

კომენტარები