პირადი კადრები

შსს: ბესელიას პირადი კადრები სომხეთის ციხიდან პატიმარმა ატვირთა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში პირველად გაავრცელა. ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ თქვა, რომ ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა.-მ. ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. შსს-ს მტკიცებითვე, ეს კადრები დ.ა.-მ Facebook-ის მესენჯერის საშუალებით რუსეთის მოქალაქე მ. დ-სგან მიიღო.

"ბრალდებულის კუთვნილ ტელეფონზე ჩატარდა კომპლექსური ფონო-ვიდეოსკოპური, ჰაბიტოსკოპური და საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზები. მას ბრალი უკვე წარედგინა.

ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ.ა.-მ. ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. კადრები დ.ა.-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მესენჯერის საშუალებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მ. დ.- სგან მიიღო.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ კადრები ფარულად უკანონოდ გადაღებულია 2012 წლის მაისის თვეში. რისთვისაც 2016 წელს გასამართლებულები არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები.

საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, სომეხი სამართალდამცველების დახმარებით, სომხეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ამოიღეს დ.ა.-ს მობილური ტელეფონი. კომპლექსური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ სწორედ ამ მოწყობილობიდან გავრცელდა ვიდეომასალა.

დ.ა.-ს და მ.დ.-ს დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რათა დადგინდეს დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების ვინაობა.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით დაკავებულია და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემულია 19 პირი" - აცხადებს შსს.

კომენტარები