პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები

ჩუგოშვილი ცქიტიშვილზე: არ ვიცი "დაღლა" რა კონტექსტში იყო ნათქვამი

"მე არ ვიცი, ეს რა კონტექსტში იყო ნათქვამი" - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის, მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ დაიღალა დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბრით. 

შესაბამისი კითხვა ჩუგოშვილს ტვ პირველში, გადაცემა "რეაქციაში" დაუსვეს, რომელზეც მან თქვა, რომ ცქიტიშვილს არავისზე ნაკლებად მწვავე რეაქცია არ ჰქონდა ბესელიასთვის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე.

"გულწრფელად გეტყვით, მე მაიას პოზიცია ამ საკითხზე არაერთხელ საჯაროდ მომისმენია, პირადადაც ვიცი მისი პოზიცია და ნამდვილად არ მგონია, რომ მაია ის ადამიანია, რომელსაც ეს დამოკიდებულება აქვს, რომ რაღაცით დაიღალა. მე არ ვიცი, ეს რა კონტექსტში იყო ნათქვამი,"- თქვა ჩუგოშვილმა. 

მანვე აღნიშნა, რომ კონკრეტულად პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს რაც შეეხება, მისი პოზიციაა, რომ ეს სრულიად ამაზრზენი დანაშაულია, რომელზეც "ძალიან კარგად ვიცით, როდის შეიქმნა". 

ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა 22 ივლისს თქვა, რომ "ქალბატონი ეკა ბესელიასგან უკვე დამღლელია მის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბარი და ამის დღის წესრიგში მუდმივად დაყენება". 

მას შემდეგ, რაც მის კომენტარს თავად ბესელია გამოეხმაურა და "ყველა კომენტარს შორის ყველაზე მდაბიო" უწოდა, ჟურნალისტებმა ცქიტიშვილს კომენტარის დაზუსტება მოსთხოვეს, რაზეც მან თქვა, რომ მის განცხადებაში არაეთიკური არაფერი ყოფილა. 

მეორე დღეს, 23 ივლისს კი შინაგან საქმეთა სამინისტროში მოულოდნელად ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ითქვა, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმე უწყებამ ბოლომდე გახსნა და კადრების ამტვირთავი პირველწყარო სომხეთის ციხეში მყოფი პატიმარია. ბესელია ამბობს, რომ საქმე გამოძიებული არ არის და არც ის ადამიანია პირველწყარო. 

ეკა ბესელიამ, რომელსაც რამდენიმე თვის წინ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს, 14 ივნისს, თქვა, რომ გაეცნო საქმის მასალებს და მისცა ჩვენებაც, სადაც დაასახელა საეჭვო პირთა წრე. მისი ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე ადამიანია და მათგან ერთ-ერთის გვარი მოქმედი დეპუტატის გვარს ემთხვევა. დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ მისი კადრების გავრცელება საეჭვოდ დაემთხვა პირველ დაპირისპირებას ქართულ ოცნებასთან და შემთხვევითი დამთხვევები ასეთ საქმეზე არ ხდება. მან ამ თემაზე უფრო ვრცლად საუბარი 30 ივნისის შემდეგ დააანონსა.

28 იანვარს დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტ სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები ვრცელდებოდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს.

1 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 ახალგაზრდა დააკავა. მათი დანაშაული იმაში მდგომარეობდა, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ნახეს და ის რამდენიმე მეგობარს გაუგზავნეს. მათ ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამ დროისთვის ყველა მათგანი გათავისუფლებულია. 

ჭიჭინაძის ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია თავის გუნდს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის შესახებ დაუპირისპირდა, რისი კულმინაციაც 22 თებერვალს მის მიერ ქართული ოცნების უმრავლესობის დატოვება იყო.

2 მაისს, პარლამენტში, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკა ბესელიას კითხვას, არის თუ არა დაცული მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოება, უპასუხა და თქვა:

"დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში პირველწყაროს ვიპოვით. ამის გაცხადების აბსოლუტურად ობიექტური და ადეკვატური მიზეზები მაქვს, თუმცა ფორმალური მხარე არ მაძლევს იმის საშუალებას, ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო".

კომენტარები