აშშ-ვენესუელა

ტრამპმა ნიკოლას მადუროს მთავრობას ახალი სანქციები დაუწესა

დონალდ ტრამპი
BBC

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ნიკოლას მადუროს მთავრობის ყველა ანგარიში გაიყინება და ამერიკელებს მათთან ბიზნესკავშირები სრულად აეკრძალებათ. მათ ასევე ეკრძალებათ ბიზნესის წარმოება იმ პირებთან, ვინც მადუროს მთავრობას მხარს უჭერს. მადუროს მხარდამჭერებს აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ.

"ყველა ანგარიში და საკუთრება, რაც ვენესუელის მთავრობას აშშ-ში აქვს დაბლოკილია და მისი გადარიცხვა, გადახდა, გამოტანა ან სხვა მხრივ გამოყენება არ მოხდება." ნათქვამია ბრძანებაში.

ბრძანების გამონაკლისს მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება და ვენესუელის კერძო სექტორი შეადგენს.

ხელის მოწერის შემდეგ ტრამპმა მადუროს მიერ ხელისუფლების უზურპაციაზე და მისი მთავრობის მიერ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს უკვე ჰქონდა სანქციები დაწესებული ვენესუელის სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ნავთობკომპანიის PDVSA-სთვის. სანქციების ფარგლებში კომპანიის 7 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული აქტივები დაუყოვნებლივ გაიყინა, ხოლო მომდევნო წლის მანძილზე სანქციების პირობებში კომპანია დაახლოებით 11 მილიარდ აშშ დოლარამდე ზარალს ნახავს.

გარდა ამისა, აშშ-ს მადუროსთან დაკავშირებული 150-ზე მეტი ვენესუელელი მაღალჩინოსანი შავ სიაში ჰყავს შეყვანილი. გასულ წელს სანქციები დაუწესდათ ნიკოლას მადუროს ცოლს, სილია ფლორესს და მადუროს ახლო წრის 6 წარმომადგენელს, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს და თავდაცვის მინისტრ ვლადიმირ პადრინოს. სანქციების შედეგად აშშ-ში მათი ანგარიშები გაიყინა და ამერიკის მოქალაქეებს მათთან თანამშრომლობა აეკრძალათ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს აღაირების შემდეგ ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

კომენტარები