მწერალთა სახლი

სამინისტრო "მასშტაბური რეფორმის" ფარგლებში კულტურის ფონდს ქმნის, მისი ბიუჯეტი 50მლნ იქნება

0 კომენტარი
ფოტო: განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კულტურის სფეროში "მასშტაბურ კომპლექსურ რეფორმასა და სისტემურ ცვლილებებს" იწყებს. რეფორმის ფარგლებში იქმნება კულტურის ეროვნული ფონდი, რომელიც სამინისტროს მიერ შემუშავებულ პოლიტიკას შეასრულებს. ფონდი ფუნქციონირებას 2020 წლის 1 იანვრიდან დაიწყებს და მისი ბიუჯეტი 50 მილიონ ლარამდე განისაზღვრება. კულტურის ეროვნულ ფონდს ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი უხელმძღვანელებს.

"კულტურის ეროვნული ფონდის მიზნები და ამოცანებია, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, კულტურის სფეროს დაფინანსების საჯარო, გამჭვირვალე და სამართლიანი სისტემის შექმნა, კულტურის სფეროსთვის განკუთვნილი ფინანსების რაციონალური და სტრატეგიული ხარჯვა, ასევე კულტურის თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საზოგადოების ყველა წევრისთვის, განსაკუთრებით - რეგიონების/მაღალმთიანი სოფლების, საზღვრისპირა მუნიციპალიტეტების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის, სპეციალური საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, უმცირესობებისთვის, ახალგაზრდებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის.

ფონდი ასევე ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიების, კულტურული ტურიზმისა და მარშრუტების განვითარებას. მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებების, კულტურის დღეების, გამოფენების, კონცერტების, ფესტივალების, საგასტროლო და სხვა გასვლითი აქტივობების ხელშეწყობა იქნება. ფონდი ადმინისტრირებას გაუწევს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით; იზრუნებს ქართველი ხელოვანების მონაწილეობაზე საერთაშორისო ბაზრობებზე, ფესტივალებზე, კონკურსებსა და შემოქმედებით პლატფორმებზე; ასევე ხელს შეუწყობს სახელოვნებო განათლების განვითარებას - უზრუნველყოფს კულტურის სფეროში გრანტების გაცემას და მოიზიდავს ინვესტიციებს, მხარს დაუჭერს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას" - აცხადებს სამინისტრო.

ფონდის ხელმძღვანელს მინისტრი 4 წლის ვადით დანიშნავს, შეიქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც განსაზღვრავს ფონდის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს. საბჭოს გარდა, შეიქმნება საკონკურსო კომისიები - სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად გამოცხადებული თემატური კონკურსებისათვის; კომისია ღია კონკურსის წესით დაკომპლექტდება.

სამინისტროს ინფორმაციითვე, ამ ცვლილებების გამო, ლიტერატურის მიმართულებით ორი სსიპ-ის (წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის) გაერთიანებით ჩამოყალიბებულ ერთ ორგანიზაციას ნატა ლომოური უხელმძღვანელებს და მას დაუბრუნდება სახელი - "მწერალთა სახლი“.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები