აშშ - საქართველო

სახ.დეპ: არ შევწყვეტთ მუშაობას, სანამ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არ შეწყვეტს

0 კომენტარი
ფოტო: denever7

საქართველოში რუსეთის შემოჭრიდან მე-11 წლისთავზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა:

"საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 11 წელი გავიდა, როდესაც ასობით ადამიანი მოკლეს და დაჭრეს, 190 000 სამოქალაქო პირზე მეტი კი იძულებით გადაასახლეს.

ბევრისთვის კონფლიქტის შედეგები კვლავ გრძელდება - საარსებო წყაროები განადგურებულია, ოჯახები კვლავ დაშორებულები არიან, თავისუფლად გადაადგილება არ აღდგა და კერძო საკუთრება ჯერაც არ დაუბრუნებიათ.

გასული 24 საათის მანძილზე მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებულ სოფელში საოკუპაციო ხაზის გავლების პროცესი დაიწყო. საოკუპაციო ხაზის გავლების დასრულების შემთხვევაში სოფელს საირიგაციო სისტემა ჩაეკეტება. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას.

როგორც დღევანდელი მოვლენები ცხადყოფს, რუსეთი გამუდმებით არღვევს ქართველი ხალხის უსაფრთხოებისა და საკუთრების უფლებებს. მეტიც, საქართველოში რუსეთის შეჭრა და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გაეროს ქარტიის, ჰელსინკის საბოლოო აქტისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალების გაყვანის შესახებ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, მიიღოს და შეასრულოს ვალდებულება საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ჩვენ მანამ არ შევწყვეტთ მუშაობას, სანამ რუსეთი საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას არ შეწყვეტს.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული ადამიანისა და დევნილის სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლებას.

დასასრულ, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და ველით იმ დღეს, როდესაც ერთად აღვნიშნავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დასრულებას" - თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მორგან ორტაგუსმა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები