რუსეთი

ერთი კაცის 20 წლიანი მმართველობა — ვლადიმერ პუტინის რეჟიმის ისტორია ფოტოებში

აკა ზარქუა
0 კომენტარი

1999 წელს მსოფლიო დღევანდელისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ამ დროში შეიცვალა გლობალური წესრიგი, ადამიანების ცხოვრების წესი, აღარ არსებობს ფეიჯერები, აღარ არსებობს იუგოსლავია, თუმცა არის რაღაცები რაც არ შეცვლილა.

სწორედ, 1999 წლის 9 აგვისტოს რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბორის ელცინმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ფართო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი ვლადიმერ პუტინი წარადგინა. ამ დღიდან მოყოლებული რუსეთში ვლადიმერ პუტინის ერთპიროვნული და უწყვეტი მმართველობა გრძელდება.

საბჭოთა სუკ-ის ჯაშუშობიდან, სანქტ-პეტერბურგის ვიცე-მერობამდე და აქედან უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსამდე და ქვეყნის უპირობო ლიდერობამდე, პუტინის კარიერა მართლაც შთამბეჭდავია. 

2000 წლის ივნისის, საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინმა ხმათა 52%-ით გაიმარჯვა, ეს იქნება პუტინის ყველაზე დაბალი შედეგი შემდეგი 4 საპრეზინდენტო არჩევნების განმავლობაში. 1999 ან 2000 წლის ზაფხულში ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ პუტინი ქვეყნის სათავეში 20 წლით დარჩებოდა და უკან ჩამოიტოვებდა ლეონიდ ბრეჟნევის რეკორდს.

KGB და პირველი ნაბიჯები

33 წლის ვლადიმერ პუტინი მშობლებთან ერთად, მშობლიურ სანქტ-პეტერბურგში, 1985 წელი ფოტო: flickr

ლენინგრადის, ანდრეი ჟდანოვის სახელობის უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ვლადიმერ პუტინი საბჭოთა სუკ-ის თანამშრომელი გახდა. ამ ორგანიზაციაში პუტინმა 15 წელი იმუშავა, მათ შორის 6 წელი საგარეო დაზვერვის აგენტად, აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ, დრეზდენში. ინტერვიუებში პუტინს მრავალჯერ უთქვამს, რომ სუკ-ში მუშაობამ მასზე წარუშლელი კვალი დატოვა და საკვანძო გამოცდილება შესძინა.

პუტინის ჯაშუშური, 15 წლიანი კარიერა ვიცე-პოლკოვნიკის წოდებით, 1991 წლის 20 აგვისტოს დასრულდა. სუკ-იდან წამოსვლის შემდეგ პუტინი ცოტა ხნით ალმა-მატერის პრორექტორი გახდა, თუმცა მალევე გადაინაცვლა საჯარო სამსახურში. 1991-1996 წლებში პუტინი სანქტ-პეტერბურგის მერიის საგარეო კავშირების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ამ დროს ქალაქის მერის პოსტს, პუტინის დიდი ხნის ნაცნობი და უფროსი მეგობარი, ანატოლი სობჩაკი იკავებდა.

პოლიტიკური კარიერის დასაწყისი

1991 წლის აგვისტო, სანქტ-პეტერბურგის მერიის საგარეო კავშირების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიინსკი თეატრში ფოტო: ТАСС

პუტინის საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები, მისი საჯარო კარიერის დასაწყისშიც აქტუალური იყო. პეტერბურგის მერიაში მუშაობის პერიოდზე საუბრისას, არაერთი ჩინოვნიკი საუბრობდა პუტინის ჩართულობაზე კორუფციულ სქემებში. 

ამ პერიოდში სანქტ-პეტერბურგი შიმშილის პირას იდგა. სწორედ, ამ დროს მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქალაქში არსებული წიაღისეულის ნედლეული გაცვლილიყო სურსათზე. ამ სქემის სათავეში კი სწორედ, პუტინის კომიტეტი იდგა. საქმე იმაშია, რომ ძვირადღირებული ნედლეულის სანაცვლოდ, ქალაქში შემოსული სურსათი არავის უნახავს. სახელმწიფო ქონების გაფლანგვის და მითვისების საქმეზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, თუმცა დროთა განმავლობაში საქმეში პუტინის წინაღმდეგ ჩართულმა ადამიანებმა თანამდებობი დაკარგეს. 

1996 წელს პეტერბურგი მერის არჩევნებში ანატოლი სობჩაკმა სასტიკად დამარცხდა და პუტინიც ცოტა ხანი უსამსახუროდ დარჩა. თუმცა, რამდენიმე თვეში იგი სამუშაოდ მოსკოვში გადაიყვანეს, სადაც მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმეთა მმართველის პოსტი დაიკავა.

მოულოდნელი აღზევება

1999 წლის აგვისტო, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფრო ვლადიმერ პუტინი და რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი, ფოტო გადაღებულია პუტინის გაპრემიერებამდე რამდენიმე დღით ადრე ფოტო: Sergei Velichkin, Vladimir Rodionov / TASS

1999 წლის 9 აგვისტოს პუტინის პრემიერად დასახალების მომენტში, რუსეთის მოსახლეობის 70%-მა არ იცოდა ვინ იყო ვლადიმერ პუტინი. გაპრემიერებიდან რამდენიმე თვეში კიდევ უფრო მოულოდნელი რამ მოხდა. 1999 წლის 31 დეკემბერს, საახალწლო მიმართვაში ბორის ელცინმა პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვლადიმერ პუტინი დაასახელა.

დეკემბრიდან ივნისამდე მონაკვეთში პუტინის ცნობადობა საგრძნობლად გაიზარდა, შედეგად თავის პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 52,7%-ით გაიმარჯვა. არჩევნების შემდეგ რუსეთში აქტიურად საუბრობდნენ დარღვევებზე და გაყალბებაზე, თუმცა საბოლოოდ არჩევნები დემოკრატიულად იქნა აღიარებული.

ჩეჩნეთი და პუტინის იმიჯი

"რუსული ავიაცია მხოლოდ ტერორისტულ ბაზებს ბომბავს, ჩვენ ტერორისტებს ყველგან ავედევნებით, აეროპორტში? აეროპორტში, ბოდიშის მოხდით თუ კი ტუალეტში შევასწრებთ იქვე ჩავაძაღლებთ, საკითხი დახურულია საბოლოოდ" 1999 წლის 24 სექტემბერი. ფოტო: Screenshot ORT

1999 წელს, რუსეთში ჯერ კიდევ გადაუჭრელი იყო ჩეჩნეთის პრობლემა. სექტემბერში ბუინაკსკში, მოსკოვში, ვოლგოდონსკში საცხოვრებელი სახლების აფეთქებას 300 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აქტების ორგანიზატორად ვლადიმერ პუტინმა ჩეჩენი აჯანყებულები დაასახელა. აფეთქებები მოგვიანებით ჩეჩნეთის მეორე კამპანიის დაწყების საბაბი გახდა.

ამბოხებული რესპუბლიკის დამორჩილების ოპერაციაში საკვანძო ფიგურა სწორედ, ვლადიმერ პუტინი გახდა. ავადმყოფი და უძლური ბორის ელცინის ფონზე პუტინი ახალგზარდა, იმედის მომცემ, მკაცრ და ბრძოლისუნარიან პოლიტიკოსად აღიქმებოდა. საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად ფსონი პუტინის მკაცრი, ახალგაზრდა, მამაცი ლიდერის იმიჯზე გაკეთდა.

მოგვიანებით, საცხოვრებელი სახლების აფეთქება კვლავაც აქტუალური გახდა. უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლები რუსეთში უსაფრთხოების სამსახურმა ააფეთქა, რათა ჩეჩნეთის მეორე კამპანიისთვის საბაბი ქონოდა. პუტინის ბრძანებითა და უშუალო ჩართულობით ალექსანდრ ლიტვინენკო 2006 წელს ლონდონში პოლონიუმით მოწამლეს, რის შედეგადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მძიმე დასაწყისი

2000 წელი, მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო სწავლებებზე ბარენცის ზღვაში ფოტო: AFP/Getty Images

ატომური წყალქვეშა ნავის, კურსკის კატასტროფა, პრეზიდენტის რანგში პუტინის პირველ სერიოზულ გამოცდად იქცა. ბარენცის ზღვაში ტაქტიკური სწავლების დროს, წყალქვეშა ნავის ბორტზე რამდენიმე რაკეტა და საბრძოლო ტორპედო აფეთქდა, რამაც ხომალდის კატასტროფა გამოიწვია. 

კატასტროფის შესახებ მალევე გახდა ცნობილი და სხვადასხვა ქვეყნები რუსეთს სამაშველო ოპერაციაში დახმარებას თავაზობდნენ, თუმცა შემოთავაზებულ დახმარებაზე რუსეთმა უარი თქვა. კატასტროფის მომენტში ვლადიმერ პუტინი შვებულებაში, შავი ზღვის სანაპიროზე, სოჭში იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაციის ადგილზე, მურმანსკში იგი ხუთი დღის შემდეგ ჩავიდა. ამ დროისთვის ეკიპაჟის 118-ივე წევრი დაღუპული იყო. 

55 დაღუპული სამხედროს ადვოკატი ბორის კუზნეცოვი ამბობდა, რომ კურსკი ტრაგედია, იყო პუტინის პირველი მასობრივი ტყუილი."კურსკის ჩაძირვის შემდეგ, ხმაურიანი პროცესის დასაწყნარებლად რუსეთის ხელისუფლებამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება და მედიის გაჩუმება ცადა" კუზნეცოვის თქმით, სწორედ, კურსკის ტრაგედიიდან დაიწყო რუსეთში დემოკრატიის შესუსტების და უგულებელყოფის პროცესი.

ნორდ-ოსტი

თეატრში დატყვევებული მოქალაქეების ოჯახის წევრები ბანერით "არა შტურმს" ტყვეობის მეორე დღე 2002 წლის 24 ოქომბერი ფოტო: Credit: Reuters file photo
 

2002 წლის, 23 ოქტომბერს ჩრდილო კავკასიელმა ბოევიკებმა, დუბროვკაზე მდებარე თეატრი აიღეს. ამ დროს თეატრში მიუზიკლი, ნორდ-ოსტი მიმდინარეობდა. ტერორისტების ტყვეობაში აღმოჩნდა 700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. ბოევიკების მთავარი მოთხოვნა ჩეჩნეთში სამხედრო კამპანიის შეწყვეტა და ჩეჩნეთიდან რუსეთის ფედერალური ჯარის გაყვანა იყო.

სამი დღის შემდეგ, 26 ოქტომბერს, პუტინის გადაწყვეტილებით, თეატრის შტურმი დაიწყო. შტურმის დაწყებამდე შენობაში, სადაც ტერორისტები და ტყვეები იმყოფებოდნენ სამართალდამცავებმა მომწავლელი გაზი გაუშვეს. ოპერაციის მსველობისას 130 მძევალი დაიღუპა. მათი აბსოლიტური უმრავლესობა მომწავლელი გაზის ზემოქმედებას ემსხვერპლა. 

2011 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 64 დაღუპული მძევლის სასარგებლოდ, რუსეთის მთავრობას 1 მილიონი ევროს კომპენსაცია დააკისრა. ასევე, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, რომლის მიხედვითაც სამაშველო ოპერაცია არასწორად იყო დაგეგმილი. რუსეთის ხელისუფლება დღემდე უარყოფს, რომ მძევლები მომწავლელი გაზის ზემოქმედებით მოკვდნენ.

დადუმებული დემოკრატია

რუსეთში მოკლული კრემლის კრიტიკოსის, ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მემორიალი ფოტო: РИА НОВОСТИ/Сергей Савостьянов

2000 წლიდან დღემდე რუსეთში საკუთარ პროფესიას 20 ჟურნალისტი შეეწირა. უკლებლივ თითოეული მათგანი ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსი იყო. დამოუკიდებელი მედიის გაკონტროლების მცდელობები რუსეთში ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტებიდან მალევე დაიწყო. სხვადასხვა მეთოდებით, მოსყიდვით, დაშინებით, მფლობელების თუ ჟურნალისტების დაპატიმრებით, რუსეთში მედია გარემო წლიდან წლამდე უარესდებოდა.

კრიტიკულად მცირდებოდა, დამოუკიდებელი და კრიტიკული გამოცემებისა და ტელევიზიების რაოდენობა. ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება პუტინმა 2003 წლის გაზაფხულზე მოიპოვა, როდესაც ოლიგარქ გუსინკის საკუთრებაში არსებული, ოპოზიციური მედია გიგანტი ნტვ გაზპრომის საკუთრებაში გადავიდა. შეტევა თავისუფალი სიტყვაზე რუსეთში დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. არ არსებობს არც ერთი არასახელისუფლებო ნაციონალური მაუწყებელი.

სახელმწიფო, რუსეთის მედია ბაზარზე ყველაზე მსხვილი მოთამაშეა. ფედერალურ ტელევიზიები და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები გადაქცეულია რუსეთის ხელისუფლებისა და პირადად ვლადიმერ პუტინის პროპაგანდის იარაღად.

ბესლანი

ტყვეობიდან გათავისუფლებული ბესლანელი სკოლის მოსწავლეები ფოტო: rferl.org

2004 წლის პირველ სექტემბერს, ჩრდილოეთ ოსეთის, ქალაქ ბესლანის პირველ საჯარო სკოლაში, ჩეჩენი ტერორისტები შეიჭრნენ. შემდეგი ორი დღის მანძილზე, ტერორისტების მძევლობაში 1000-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა. მძევლების უმრავლესობა არასრულწლოვანი ბავშვები იყვნენ. ტერაქტის მთავარი ორგანიზატორი შამილ ბასაევი იყო, ტერორისტების მოთხოვნა იყო, ჩეჩნეთიდან გასულიყო რუსეთის სამთავრობო არმია და რუსეთის ეღიარებინა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა.

ორდღიანი ლოდინისა და შეუმდგარი მოლაპარაკაბების შემდეგ, პუტინის გადაწყვეტილებით სკოლის შტურმი დაიწყო. ოპერაციის შედეგად, ცოცხლად აყვანილი იქნა მხოლოდ ერთი ტერორისტი. სულ ოპერაციის მსვლელობისას 334 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათგან 186 ბავშვი. ტყვეების არანორმალურად დიდი რიცხვი დამოუკიდებელი გამოძიების აზრით, სამართალდამცავების არასწორი მოქმედებებით იყო განპირობებული. იგივე განაჩენი გამოიტანა ევროპულმა სასამართლომაც, თუმცა რუსეთის ხელისუფლება საკუთარ ბრალეულობას დღემდე უარყოფს.

უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა

ვლადიმერ პუტინი ციმბირის ქალაქ კემეროვოში ძიუდოისტ ბავშვთან ერთად ფოტო: Str / AFP / Getty Images

2005 წლის, 25 აპრილს თავის ყოველწლიურ მიმართვაში დუმის მიმართ, პუტინმა საბჭოთა კავშირის ნგრევა საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად შეაფასა. ამ სიტყვებმა მთელი რუსეთისა და მსოფლიოს მასშტაბით, ახალი დისკუსიები წარმოშვა. ვლადიმერ პუტინის ეს გამოსვლა რუსეთის საგარეო პოლიტიკის რადიკალური ცვლილების პირველი ნიშანი გახდა. 

პუტინის ამ სიტყვით, გამოიკვეთა მისი ხედვა იმის შესახებ თუ როგორი უნდა იყოს რუსეთი და რა არის მისი გავლენის სფერო. მანამდე პუტინსა და დასავლელ ლიდერებს შორის არსებულ თითქოსდა კონსტრუქციულ ურთიერთობებში პუტინის სიტყვებმა გაურკვევლობა და დაძაბულობა შემოიტანა. ამ სიტყვიდან ერთი თვის შემდეგ, ინგლისურენოვანი მაუწყებლობა დაიწყო სახელმწიფო არხმა, Russia Today-მ. ტელევიზიის დირექტორმა, მარგარიტა სიმონიანმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ტელევიზია ორიენტირებული იქნება გააშუქოს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები რუსეთის პერსპექტივიდან.

შემობრუნების წერტილი, მიუნხენი

ვლადიმერ პუტინი გლობალური უსაფრთხოების კონფერენციაზე მიუნხენში, 2007 წლის 10 თებერვალი ფოტო: Kremlin.ru
 

2007 წლის 10 თებერვალს, მიუნხენის გლობალურ უსაფრთხოების კონფერენციაზე, ვლადიმერ პუტინის სიტყვა, ჭეშმარიტ მოულოდნელობად იქცა, როგორც დასავლელი პოლიტიკოსებისთვის, ასევე, მსოფლიო საზოგადოებისთვისაც.

2001 წლის, 11 სექტემბრის ტერაქტისა და მსოფლიოში ტერორისტული აქტების გახშირების ფონზე რუსეთსა და დასავლეთს შორის დიალოგის ახალი სივრცე გაჩნდა. რის შედეგადაც პუტინის მმართველობის პირველ წლებში დასავლეთთან თანამშრომლობისა და პარტნიორების განწყობა არსებობდა. ეს ვითარება სწორედ, 2007 წლის 10 თებერვალს მიუნხენში შეიცვალა.

ამ დღეს პუტინმა გააკრიტიკა, ერთ პოლუსიანი სამყაროს იდეა. დიდი დრო დაეთმო აშშ-ს საგარეო პოლიტიკის კრიტიკას. ასევე პირველი მწვავე დაპირსპირების კერა გაჩნდა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან. პუტინმა მკაცრად გააკრიტიკა ნატოს გაფართოება აღმოსავლეთ ევროპაში და განაცხადა, რომ აღმოსავლეთით ნატოს გაფართოებას რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს და რუსეთი არ დაუშვებს მის საზღვრებთან ალიანსის ჯარის გამოჩენას.

სწორედ, ეს დღე ითვლება რუსეთის საგარეო პოზიციონირების შეუქცევადი ცვლილების დასაწყისად.

გადართვა

ვლადიმერ პუტინი დიდი რვიანის სამიტზე გერმანიასი 2007 წელი ფოტო: Andreas Rentz / Getty Images

ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ოფისიდან, პრემიერ-მინისტრის ოფისში გადაინაცვლა. საქმე იმაშია, ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, რუსეთის კონსტიტუციით პუტინის აღარ შეეძლო ზედიზედ მესამედ ეყარა კენჭი პრეზიდენტის პოსტზე.

რუსეთის ახალი პრეზიდენტი, პუტინის დიდი ხნის მეგობარი, დიმიტრი მედვედევი გახდა. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მმართველის ფორმალური ცვლილების სცენარი დიდი ხნის განმავლობაში ვითარდებოდა და საბოლოოდ, ფასადური ცვლილება წარმატებით განხორციელდა. დიმიტრი მედვედევმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 70%-ით გაიმარჯვა, თუმცა იმავე წელს რუსეთში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 60% ქვეყნის რეალურ მმართველად ვლადიმერ პუტინს ასახელებდა.

07.08.2008 საქართველო 

ვლადიმერ პუტინი რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ახალი შტაბის გახნსაზე 2007 წელი ფოტო: Dmitry Astakhov/AFP/Getty Images

2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებული მოვლენები, რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ერთ-ერთ პირველ ცხელ კერად იქცა. ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს ოფიციალური საგარეო კურსი და ქვეყნის სწრაფვა ნატოსკენ, რუსეთისთვის მიუღებელი იყო. საქართველოს და რუსეთს შორის პოლიტიკური ვითარება 2005 წელს დაიძაბა. 2006 წელს რუსეთმა საქართველო ერთგვარ ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქცია. 

რუსეთში აიკრძალა ქართული პროდუქციის იმპორტი, დროის მოკლე მონაკვეთში 100%-ით რუსული გაზის ტარიფი საქართველოსთვის, შეწყდა ქვეყნებს შორის მიმოსვლა,  ყველაფერი რუსეთიდან ქართველთა მასობრივი დეპორტაციით დასრულდა.

2008 წლის გაზაფხულზე რუსეთის დუმაში შევიდა კანონპროექტი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ამავე პერიოდში რუსეთმა დაიწყო აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა და გაიზარდა რუსული ჯარის კონტიგენტი როგორც სამხრეთ ოსეთში, ასევე, აფხაზეთშიც. 

საბოლოოდ, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთი ღია სამხედრო აგრესიაზე გადავიდა. ხუთდღიანი ბრძოლების შემდეგ 12 აგვისტოს საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის შედეგად საომარი მოქმედებები შეწყდა. იმავე წლის სექტემბერში რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 

"მონა გალიორკაზე" და მისი პირველი დეკადა

2009 წელი პუტინი ახალი აგრო მეურნეობის კომპლექსის გახსნაზე ფოტო: Alexey Druzhinin/AFP/Getty Images

"მთელი ეს წლები მე ვმუშოაბდი როგორც მონა გალიორკაზე და ამას ვაკეთებდი სრული შემართებით", — ეს სიტყვები პუტინმა 2011 წელს, მოსახლეობასთან პირდაპირი სატელივიზიო ჩართვის დროს წარმოთქვა. იმავე წელს გამოვიდა, რუსი ოპოზიციონერების, ბორის ნემცოვისა და ვლადიმერ მილოვის მიერ მომზადებული კვლევა სახელწოდებით, გალიორკის მონის ცხოვრება.

კვლევაში განხილული იყო პუტინის პირად საკუთრებაში არსებული ძვირფასი საგნები, იახტებიდან, ძვირფასი საათების კოლექციამდე. კვლევის ინფორმაციით, პუტინი მის ხელთ არსებული ქონებით მსოფლიოში ყველაზე მდიდარი "მონა" გამოდიოდა.

იმავე წელს გამოვიდა, იგივე ავტორების კიდევ ერთი კვლევა, რომელიც პუტინის მმართველობის პირველ დეკადას ეძღვნებოდა. კვლევის შედეგებით, პუტინის მმართველობის პირველ 10 წელში გაიზარდა კორუფციის დონე და კორუფციული გარიგებების მოცულობა, ამ წლებში ყოველწლიურად, საშუალოდ ნახევარი მილიონით მცირდებოდა რუსეთის მოსახლეობა, იზრდებოდა დამოკიდებულება ბუნებრივ რესურსებზე და უთანასწორობის დონე.

"ჩვენ უკვე ვიცით პასუხი კითხვაზე ვინ არის პუტინი, პუტინი ეს არის კორუფცია, ცენზურა, ეს არის დამოკიდებულება ბუნებრივ რესურსებზე, სოციალური უთანასწორობა და დეპოპულაცია", — ეს სიტყვები ბორის ნემცოვს ეკუთვნის. 2015 წლის 27 თებერვალს კრემლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ბორის ნემცოვი მოკლეს.

მეორედ მოსვლა და პროტესტი

ვლადიმერ პუტინი შვებულებაში 2009 წელი ციმბირის ოლქის ქალაქი კიზილი ფოტო: Alexey Druzhinin/AFP/Getty Images

2012 წელს ძალაუფლების ფასადური ცვლილების კიდევ ერთი ეტაპი განხორციელდა. ამჯერად, დიმიტრი მედვედევმა პრემიერის პოსტი დაიკავა, ხოლო ვლადიმერი პუტინი კვლავ პრეზიდენტის ოფისს დაუბრუნდა. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად რუსეთის დიდი ქალაქები პროტესტის ტალღამ მოიცვა. 

დემონსტრანტები საპარლამენტო არჩევნების მასობრივი გაყალბებას და საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. ამავდროულად, 4 წლიდან 6 წლამდე გაიზარდა საპრეზიდენტო ვადის ხანგძლივობა. 2011 წლის დეკემბრიდან 2013 წლამდე საპროტესტო აქციებმა რუსეთში პერმანენტული ხასიათი მიიღო. 

საბოლოოდ, პროტესტის ტალღა მომიტინგეთა მასობრივი დაჭერებით და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებით დასრულდა.

სოჭის ოლიმპიადა

ვლადიმერ პუტინი სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ფოტო: Stanislav Krasilnikov / TASS

2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობას რუსეთისთვის და პირადად ვლადიმერ პუტინისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამ ღონისძიების ჩატარებით პუტინი რუსეთის როგორც სტაბილური, თანამედროვე და მიმზიდველი ქვეყნის იმიჯის გამყარება სურდა. 

გარკვეული თვალსაზრისით სოჭის ოლიმპიადა უნიკალურ ღონისძიებად იქცა. პროექტზე 51 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, რამაც სოჭის ოლიმპიადა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ ღონისძიებად აქცია. სხვადასხვა მონაცემებით, აღნიშნული თანხიდან დაახლოებით, 25 მილიარდი გაიფლანგა. თემაზე ჩატარებული სხვადასხვა ანგარიშების მიხედვით, 25-30 მილიარდი დოლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უბრალოდ მოიპარეს. 

ოლიმპიური თამაშების მეშვეობით, ვლადიმერ პუტინი კიდევ ერთხელ შეეცადა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მოდუნებას და სწორედ, ამ დროს დაიწყო ყირიმის ანექსიაც.

ყირიმის ანექსია
ვლადიმერ პუტინი სამხედრო-საზღვაო სწავლებებზე არქტიკულ ზღვაში ფოტო: Reuters
 

სოჭის ოლიმპიადის დამთავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, ყირიმში მწვანე უნიფორმაში ჩაცმული, ყოველგვარი ამომცნობი ნიშნების გარეშე, რამდენიმე ათასი შეიარაღებული პირი გამოჩნდა. "მწვანე კაცუნებმა" რამდენიმე დღეში დაიკავეს ყირიმისა და სევასტოპოლის ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის შენობა.

უცნობი შეიარაღებული პირების ყირიმში შეჭრიდან რამდენიმე დღეში, ყირიმში საერთო ნაციონალური რეფერენდუმი გაიმართა. რეფერნდუმზე მოსახლეობას უნდა დაეფიქსირებინა პოზიცია, სურთად თუ არა ყირიმის დაბრუნება რუსეთის შემადგენლობაში. 2014 წლის 16 მარტს რეფერენდუმის შედეგით, ყირიმი უკრაინას გამოეყო. ამავე დღეს ვლადიმერ პუტინმა დუმას მიმართა და რეფერენდუმის შედეგების რატიფიცირება და რუსეთის შემადგენლობაში ორი ახალი სუბიექტის ყირიმის ოლქისა და ქალაქ სევასტოპოლის მიღების ბრძანება გასცა. 

ყირიმის ანექსიამ, ბუდაპეშტის მემორანდუმის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევამ, უკიდურესად გაამწვავა ურთიერთობები რუსეთსა და დასავლეთს შორის. ყირიმის ანექსიიდან მალევე, დაიწყო საომარი მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მცხოვრებმა სეპარატისტებმა რუსეთის სრული მხარდაჭერით დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამ დროიდან დღემდე საომარ მოქმედებებს უკრაინაში დაახლოებით 13 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

სირია 

ვლადიმერ პუტინი ლადოგის ტბაზე ერთ-ერთი მართმადიდებლურ მონასტერში ვიზიტის დროს ფოტო: AP Photo/RIA-Novosti, Alexei Druzhinin

2015 წელს რუსეთი სირიაში მიმდინარე სამოქალაქო კონფლიქტში ჩაერთო. პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების სხვა ოფიციალური პირების ცნობით, კონფლიქტში რუსეთის ჩართვის მთავარი მიზეზი და მიზანი ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს განადგურება იყო. თუმცა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალები ძირითადად, ბაშარ ასადის რეჟიმის შენარჩუნებას და მის მოწინააღმდეგეების განადგურებას ცდილობდნენ.

რეგიონულ მოთამაშეებთან პერიოდული დაძაბულობის მიუხედავად, რუსეთმა შეძლო ბაშარ ასადის რეჟიმის შენარჩუნება და რეგიონში საკუთარი გავლენის სფეროს გაზრდაც.

პუტინი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში

ჟურნალ TIME-ის, 2017 წლის მარტის ნომრის ყდა, რომელიც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თემას ეხება ფოტო: TIME

რუსეთის მიერ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის თემაზე ჩატარებული გამოძიების მიხედვით ბრალი წარედგინა რუსეთის 10-ზე მეტ მოქალაქეს. დადგინდა, რომ მთელი წინა საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო და კიბერ სამსახურები აქტიურად მუშაობდნენ, დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ჰილარი კლინტონის დისკრედიტაციაზე. 

ამავე გამოძიებით, დადგინდა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის რამდენიმე წევრის კავშირები ინდივიდებთან, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებული არიან რუსეთის სახელმწიფო სამსახურებთან და ვლადიმერ პუტინის გარემოცვასთან.

თავის მხრივ რუსეთი დღემდე უარყოფს რამენაირი ფორმით ჩარევას ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში.

დიდი ფეხბურთი რუსეთში

ვლადიმერ პუტინი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე ფოტო: EMPICS Sport

ფეხბურთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნად რუსეთის დასახელებას მსოფლიოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. რუსეთის მთავარი კონკურენტი ყველაზე დიდი სპორტული შეჯიბრის მასპინძლობისთვის დიდი ბრიტანეთი იყო. ყოველ ასპექტში ფეხბურთის სამშობლოს უპირატესობის მიუხედავად, ზეფ ბლატერის ხელმძღვანელობით, FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება რუსეთს მიანიჭა. მოგვიანებით ზეფ ბლატერი არაერთ კორუფციულ გარიგებაში იქნა მხილებული და საბოლოოდ თანამდებობაც დატოვა.

რუსეთში ჩატარებული მსოფლიო თასი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ჩემპიონატად იქცა. ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიო თასის ჩასატარებლად რუსეთში 14 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. 

თუმცა, ამ დიდ ხარჯს რუსეთისთვის დადებითი ეფექტიც ქონდა. ფიფას მოქმედი პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს შეფასებით, რუსეთში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი, ისტორიაში საუკეთესო იყო. საინტერესოდ შეაფასა რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი BBc-ის ჟურნალისტმა, სტივენ როზენბერგმა: "მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში რუსეთი წარმოჩნდა როგორც, მეგობრული და სტუმართმოყვარე ქვეყანა, რაც წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის გავრცელებულ ავტორიტარული ქვეყნის იმიჯთან, მსოფლიო თასზე ჩამოსული ყველა გულშემატკივარი სასიამოვნოდ გაოცებულია."

ჯერჯერობით ბოლო, მეოთხე საპრეზიდენტო ვადა 

ვლადიმერ პუტინი შვებულებაში, სამხრეთ ციმბირი 2018 წელი ფოტო: Alexey Nikolsky/AFP/Getty Images

2018 წლის მარტში ვლადიმერ პუტინმა მეოთხედ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. მის წინაშე ერთპიროვნული მმართველობის კიდევ 6 წელია, თუმცა ახალი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისშივე ახალი პრობლემები გაჩნდა. ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთზე დაკისრებულმა საერთაშორისო სანქციებმა მნიშვნელოვნად შეაფარხა რუსეთის ეკონომიკური ზრდა, რის შედეგედაც საგრძნობლად შემცირდა პუტინის რეიტინგი. 

ამ დროისთვის პუტინის რეიტინგი, დაახლოებით 60%-ია. მოსკოვის საკრებულოს არჩევნების ფონზე წარმოიშვა მძლავრი საპროტესტო ტალღა. დემონსტრანტების დიდი ნაწილი 20 წლამდე ახალგაზრდები არიან, ანუ ის ხალხი ვისაც, პუტინის რეჟიმის გარდა სხვა ფორმაციის რუსეთში არც უცხოვრია. 

რუსეთში მმართველობის ხანგძლივობით, პუტინმა უკვე გააუმჯობესა ეკატერინე მეორეს და ლეონიდ ბრეჟნევის მაჩვენებელი. ჯერჯერობით დაუძლეველია იოსებ სტალინის 27 წლიანი რეკორდი. სტალინის რეკორდის გაუმჯობესებისთვის პუტინს მიმდინარე საპრეზიდენტო ვადა არ ეყოფა, უპირობო რეკორდსმენობისთვის კიდევ ერთ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება იქნება საჭირო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები