რუსეთი

ჩეჩნეთში ევროპის ყველაზე დიდი მეჩეთი გაიხსნა

YELENA AFONINA/TASS

ჩეჩნეთის ავტონომიურ რესპუბილიკის ქალაქ შალიში ევროპის ყველაზე დიდი მეჩეთი გაიხსნა. სალოცავი ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე ცნობილი ცისფერი მეჩეთი სტამბულში. ახალგახსნილი მეჩეთი დაახლოებით ამდენითვე აღემატება მაცხოვრის ტაძარს მოსკოვში.

სულ სალოცავი 30 ათას ადამიანს იტევს, ხოლო მთლიანად კომპლექსის ტერიტორია 70 ათას ადამიანზე გათვლილი. აღსანიშნავია, რომ სულ ქალაქ შალის მოსახლეობა 54 ათასი ადამიანია.

მეჩეთის გახნსაზე ჩეჩნეთის მმართველმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მეჩეთი წინასწარმეტყველი მუჰამედის სახელობის იქნება. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახალგახსნილი მეჩეთი თავად რამზან კადიროვის სახელობის იქნებოდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამ თხოვნით ხელისუფლებას შალის მაცხოვრებლებმა მიმართეს.

მეჩეთის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო. თავდაპირველად მეჩეთი 10 ათას მლოცველზე იყო გათვლილი და მისი გახსნა 2015 წელს იგეგმებოდა, თუმცა საბოლოოდ პროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა.

ახალი მეჩეთი, შალი სიტის მშენებარე კომპლექსის ნაწილია. კომპლექსში მეჩეთის გარდა გათვალისწინებულია, რამდენიმე ცათამბჯენის, სავაჭრო ცენტრის, კვების მომსახურების ობიექტებისა და სასტუმროს აშენება.


ფოტო: YELENA AFONINA/TASS

მეჩეთი უზბეკი არქიტექტორების მიერ სამარყანდის და ბუხარას ცნობილი მეჩეთებში სტილში არის დაპროექტებული. არქიტექტორ აბდურახმან ტურდიევის ცნობით, პროექტში ცვლილები უშუალოდ რამზან კადიროვის მითითებით ხორციელდებოდა.

მეჩეთის მშენებლობისთვის დიდი მოცულობით გამოყენებული მარმარილო მხოლოდ საბერძნეთის კუნძულ, ტასოსზე მოიპოვება. მეჩეთის მთავარ დარბაზს რვამეტრიანი და სამტონიანი ჭაღი ანათებს, რომელშიც სულ 400 ნათურაა.


ფოტო: YELENA AFONINA/TASS

ჯერჯერობით უცნობია, პროექტის ზუსტი ღირებულება. ასევე, უცნობია თუ ვისი ფულით აშენდა აღნიშნული მეჩეთი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეცენტმა, რომელმაც მეჩეთის მშენებლობა დააფინანსა, საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ამ დროისთვის ჩეჩნეთი ერთ სულ მოსახლეზე მეჩეთების რაოდენობით მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე რეგიონია. ჩეჩნეთში უკვე არსებობს რამზან კადიროვის მამის, დედის, ძმის, ბაბუისა და სხვა ნათესავების სახელობის მეჩეთები. კადიროვების ოჯახის წევრების პატივსაცემად სახელი სულ 100 ობიექტს მიენიჭა, მათ შორის, სკოლებს, ქუჩებს, პარკებს, ხიდებს, ბორნებს და ციურ სხეულებსაც კი.

კომენტარები