რუსეთი

პესკოვი ხანგოშვილის მკვლელობაზე: ამ მკვლელობასა და რუსეთს შორის რაიმე კავშირს უარვყოფ

0 კომენტარი
დმიტრი პესკოვი და ვლადიმერ პუტინი ფოტო: Russia Insider

28 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასა და რუსეთს შორის რაიმე კავშირი უარყო. 

"ამ საქმეს რუსეთის სახელმწიფოსთან, ოფიციალურ ორგანოებთან საერთოდ არაფერი აქვს საერთო. მე კატეგორიულად უარვყოფ რაიმე კავშირს ამ მკვლელობასა და ოფიციალურ რუსეთს შორის," - განაცხადა პუტინის სპიკერმა ჟურნალისტებთან.

23 აგვისტოს, გერმანიაში, ბერლინში, როცა ზელიმხან ხანგოშვილი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, ველოსიპედით გამვლელმა თავში ორჯერ ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. 

პოლიციამ 49 წლის რუსი ადამიანი დააკავა, ასევე ამოიღო მისი პისტოლეტი და ველოსიპედი, რომელთა მოცილებასაც მკვლელი ცდილობდა, თუმცა ვერ მოასწრო. 

იარაღი, "გლოკ 26" მაყუჩიანი იყო. 

ზელიმხან ხანგოშვილი ამ ეტაპზე უკანასკნელი მსხვერპლია კრემლის და/ან რუსული სპეცსამსახურების თავდამსხმებისა, რომელთა სამიზნეებიც ჩეჩენი პირები არიან. 

ზელიმხან ხანგოშვილი 2001-2005 წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე და ერთ-ერთი საველე რაზმის მეთაური იყო.

2015 წლის 28 მაისს ზელიმხან ხანგოშვეილზე თბილისის ცენტრში შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. მას მანქანაში 8 ტყვია ესროლეს. მაშინ ოჯახმა მომხდარში რუსულ სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ხანგოშვილის ოჯახმა საქართველო სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ დატოვა. 

ზელიმხან ხანგოშვილის სახელი და გვარი ლაფანყურის საქმეში ფიგურირებს. როგორც ცნობილია, ის სპეცოპერაციის დროს მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC-ის შეფასებით: 

გამოძიების მიმდინარეობის ანალიზი აჩვენებს, რომ მას არსებითად ფორმალისტური ხასიათი აქვს და მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზებით მიმდინარეობს, მათ შორის:

მიუხედავად იმისა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები მკვლელობის მცდელობაზე მიუთითებდა, გამოძიება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე დაიწყო;

ზელიმხან ხანგოშვილისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის მაღალი რისკის არსებობის მიუხედავად, სამართალდამცავებმა უარი განაცხადეს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებაზე დაზარალებულის მიმართ;

საქმეზე საჭირო საგამოძიებო მოქმედებები მათ შორის ვიდეო ჩანაწერების ამოღება და შესწავლა ან საერთოდ არ განხორციელებულა ან დაგვიანებით ჩატარდა, რამაც მტკიცებულებების  განადგურება გამოიწვია და შეუძლებელი გახადა თავდამსხმელი პირების დროული იდენტიფიცირება და დაკავება;

გამოძიებამ არ უზრუნველყო ამოცნობის პროცედურის ჩატარება ზელიმხან ხანგოშვილთან ერთად და მნიშვნელოვანი საექსპერტო კვლევები საქმეზე მხოლოდ სამი წლის შემდგომ ჩატარდა.

EMC აღნიშნავს, რომ სამართლებრივი ხარვეზებისა და გამოძიების ფორმალური ხასიათის გათვალისწინებით, მას რაიმე სამართლებრივი შედეგი ამ დრომდე არ მოყოლია. გამოძიების დინამიკა აჩვენებს, რომ პროკურატურას საქმეზე სიმართლის დადგენის და ეფექტიანი რეაგირების რეალური ინტერესი არ ჰქონდა და მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება გააჭიანურა და აშკარა გულგრილობა გამოავლინა. გამოძიების ხარვეზებისა და გამოვლენილი გულგრილობის ფაქტებზე EMC-მ და კერძო ადვოკატმა არაერთხელ მიმართეს სახალხო დამცველსა და საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციას. 

ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა შეძლებს სრულყოფილი გამოძიების წარმოებას და დამნაშავე პირების გამოვლენას.

"არსებითია, მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში 2015 წლის მაისში თბილისში განხორციელებული თავდასხმის ეპიზოდის გათვალისწინება. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პროკურატურა ეფექტიანად ითანამშრომლებს გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებთან გამოსაძიებელ საქმეებზე სიმართლის დადგენისა და დამნაშავე პირების დასჯის მიზნით", - ნათქვამია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" განცხადებაში. 

ზელიმხან ხანგოშვილს პანკისში დღეს დაკრძალავენ. ის საქართველოში გვიან ღამით ჩამოასვენეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები