ლარის გაუფასურება

TBC: ერთი დოლარის ღირებულება 3 ლარს გადასცდა

ტაბულა

კომერციულ ბანკებში ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. TBC ბანკში ამ დროისათვის ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.0150 ლარია. TBC-ის გაცვლითი კურსისთვის, ეს რეკორდული მინიმუმია. გუშინ ერთი დოლარის ღირებულება სამ ლარს შეადგენდა, ახლა კი ისტორიაში პირველად გადასცდა სამ ლარს.

საქართველოს ბანკში ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამჟამად 2.998 ლარს შეადგენს. Bloomberg-ის ვალუტის გაცვლით სისტემაში დოლარი 2.9653 ლარი ღირს.

ოფიციალური კურსით, რომელიც გუშინ საღამოს გახდა ცნობილი, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.9614 ლარია. ლარი გუშინ 1.57 თეთრით გაუფასურდა დოლართან. განახლებულ მონაცემებს ეროვნული ბანკი დღის მეორე ნახევარში გამოაქვეყნებს.

ივნისის პირველ ორ კვირაში დროებითი გამყარების შემდეგ, ლარმა 14 ივნისიდან გაუფასურება განაგრძო და 1 აგვისტოს დოლართან მიმართებით რეკორდულ მინიმუმამდე, 2.9718-მდე დაეცა. 1 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა, რასაც ლარის ოდნავი გამყარება, შემდეგ კი კვლავ გაუფასურება მოსდევს.

კომენტარები