huawei

Huawei აშშ-ს კიბერ-თავდასხმაში და თანამშრომლების დაშინებაში ადანაშაულებს

0 კომენტარი
Huawei ფოტო: AFP

ჩინური ტელეკომუნიკაციების კომპანია Huawei აშშ-ს კიბერ-თავდასხმაში და მათი თანამშრომლების დაშინებაში ადანაშაულებს. პრესისათვის გადაცემულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის მიზანს მათთვის ბიზნესის წარმოებაში ხელის შეშლა წარმოადგენს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ უკანონოდ აკავებს მათ თანამშრომლებს, მათ სახლებში FBI-ს აგენტებს გზავნის, რათა ზეწოლის მეშვეობით მათგან კომპანიის შესახებ ინფორმაცია მოიპოვონ და კიბერ-თავდასხმების გზით მათ სისტემებში შეღწევას ცდილობს.

განცხადებაში რაიმე ტიპის მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

კომპანიის განცხადება Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ ანგარიშს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც აშშ კომპანიის მიერ სმარტფონების კამერების პატენტების მოპარვის საქმეს იძიებს. განცხადებაში აგარიშს ყალბი უწოდეს.

შეგახსენებთ, რომ მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის კომპიუტერული ქსელის უცხოელი მოწინააღმდეგეებისაგან დასაცავად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ამერიკულ კომპანიებს უცხოური ტელეკომუნიკაციები ქსელების გამოყენებას უკრძალავს. ბრძანებაში კონკრეტული კომპანიები არ არის ნახსენები, თუმცა მიაჩნიათ, რომ ის ჩინურ ტელეკომუნიკაციების კომპანია Huawei-ს შეეხება. Huawei-ს აეკრძალა ამერიკული ფირმებისაგან ტექნოლოგიის შეძენა აშშ-ის მთავრობისაგან თანხმობის გარეშე. აშშ-ის ფედერალურ უწყებებს უკვე აკრძალული აქვთ Huawei-ს პროდუქტების გამოყენება.

ამის შემდეგ Google-მა Huawei-ის ანდროიდის ლიცენზია შეაჩერა. Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს Intel-მა და Qualcomm-მაც, რომლებიც ჩინურ კომპანიას მიკროპროცესორებს აწვდიდნენ. Huawei-სთან თანამშრომლობა იაპონურმა ფირმა Panasonic-მაც შეწყვიტა.მსგავსი ნაბიჯი გადადგა იაპონურმა Softbank-მა და KDDI-მ.

კომპანიაში თქვეს, რომ ეს მათზე გავლენას არ მოახდენდა, რადგან მიკროპროცესორების წარმოება ჩინეთშიც შეუძლიათ.

Huawei-ს დამფუძნებელმა, რენ ჟენფეიმ თქვა, რომ მისი კომპანია მზადაა აშშ-ის მხრიდან დაწესებულ სანქციებს დაუპირისპირდეს. მას მიაჩნია, რომ აშშ კომპანიის შესაძლებლობებს სათანადოდ არ აფასებს და კონფლიქტი გარდაუვალია.

გასული წლის დეკემბერში კანადაში Huawei-ს დამფუძნებლის ქალიშვილი და კომპანიის მთავარი ფინანსური ოფიცერი, მენგ უანჟოუ დააპატიმრეს. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მას ირანისათვის დაწესებული სანქციების დარღვევაში და T-Mobile-ისაგან ტექნოლოგიების მოპარვაში დასდო ბრალი.

ამერიკელი კანონმდებლების თქმით კომპანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისათვის საშიშროების შემცველია და შესაძლოა, მათ ტექნოლოგიებს ჩინეთის მთავრობა ჯაშუშობისათვის იყენებს.

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მთავრობის კონტროლის ქვეშ არ არიან, თუმცა ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მთავრობებმა ტელეკომუნიკაციებისათვის Huawei-ს და ZTE-ს ტექნიკის გამოყენება უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე უკვე აკრძალა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები