მოსკოვის საკრებულოს არჩევნები 2019

მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე 25 ადგილი პუტინის პარტიამ აიღო, 20 - ოპოზიციამ

news4europe

8 სექტემბერს რუსეთში ადგილობრივი არჩევნები გაიმართა. მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე უკანასკნელი მონაცემებით, პუტინის პარტიამ "ერთიანი რუსეთი" რამდენიმე ადგილი დაკარგა, თუმცა ის კვლავ ახერხებს უმრავლესობის შენარჩუნებას - პარტიამ მოსკოვის საკრებულოს 45 ადგილიდან 25 ადგილი დაიკავა.

მეორე ადგილი კომუნისტურმა პარტიამ დაიკავა 13 ადგილით. ოპოზიციურმა პარტიამ იაბლოკო 4 ადგილი მოიპოვა, ხოლო სამართლიანმა რუსეთმა - 3. 

მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში პარტიას "ერთიანი რუსეთი" ოფიციალურად არცერთი კანდიდატი წარუდგენია, თუმცა აღნიშული 25 გამარჯვებულიდან 9 "ერთიანი რუსეთის" აქტიური წევრები არიან, რომლებიც დამოუკიდებელ კანდიდატებად იყრიდნენ კენჭს, 3 - ხელისუფლების მომხრე ასოციაცის "ჩემი მოსკოვი" წარმომადგენელია, ხოლო სხვა 13 დამოუკიდებელ კანდიდატს მოსკოვის მერია უჭერდა მხარს.

ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატებად კენჭისყრის მიზეზად პარტიის "ერთიანი რუსეთი" რეიტინგის დაცემა სახელდება.

ზოგიერთმა კანდიდატმა, რომელსაც მოსკოვის მერია უჭერდა მხარს, ძალიან მცირე სხვაობით მოიგო. აღსანიშნავია, რომ 2001 წლის შემდეგ მოსკოვში პირველად პარტიის "ერთიანი რუსეთი" ლიდერს ანდრეი მეტელსკის მხარი არ დაუჭირეს. მან კომუნისტთან სერგეი სავოსტიანოვთან წააგო.

2014 წლის არჩევნებზე პარტიამ 28 ადგილი დაიკავა, ხოლო პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატებმა - 10.

"პარტიამ აჩვენა მისი პოლიტიკური ლიდერობა," - აღნიშნა პესკოვმა.

პუტინის სპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უკუსვლის მიუხედავად, "ერთიანმა რუსეთმა" არჩევნებზე მაინც კარგი შედეგი აჩვენა. 

"შესანიშნავი," - ასე შეაფასა ნავალნიმ მოსკოვის არჩევნების შედეგები.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოკავშირეებს მოსკოვის ცესკომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა ნავალნიმ მოსახლეობას "ჭკვიანი ხმის მიცემისკენ" მოუწოდებდა. ის "ერთიანი რუსეთის" კანდიდატების საწინააღმდეგოდ ხმის მიცემისკენ მოუწოდებდა.

არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო და ფოტო მასალა გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ საარჩევნო ყუთებს არა ერთი, არამედ რამდენიმე ხმით ავსებენ. მოსკოვის ცესკოს უფროსმა ვალენტინ გორბუნოვმა განაცხადა, რომ "არანაირი დარღვევა იყო".

სულ მცირე 6-მა რუსმა ჯარისკაცმა დაადასტურა, რომ ისინი იძულებულნი იყვნენ არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ და ამის დამადასტურებელი ფოტო მასალა ჰქონოდათ.

"ჩვენ იძულებულნი ვართ ხმა მივცეთ და ეს უფროსებს შევატყობინოთ. ჩვენ არ გვეუბნებიან ვის მივცეთ მხარს, თუმცა გვეუბნებიან, რომ ჩვენი სამოქალაქო ვალდებულება უნდა შევასრულოთ," - აღნიშნა ერთერთმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ჯარისკაცმა, რომელმაც ვინაობის გამჭჟღავნება არ ისურვა. 

მოსკოვის არჩევნებში ამომრჩეველთა 21.77%-მა მიიღო მონაწილეობა, რაც დიდად არ განსხვავდება 2014 წლის არჩევნებისგან, როდესაც ამომრჩეველთა 21.04%-მა მისცა ხმა.

აღსანიშნავია, რომ ერთიანმა რუსეთმა რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ხაბაროვსკის რეგიონში რეგიონალურ პარლამენტში მხოლოდ 2 ადგილი მოიპოვა. თუმცა, ადგილობრივ არჩევნებზე რუსეთის სხვა რეგიონებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები ლიდერობდნენ. 

შეგახსენებთ, რომ ივლისში კანდიდატებს, რომლებსაც სექტემბერში ჩანიშნულ მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურდათ 6 ივლისის ჩათვლით 4 500 ხელმოწერა უნდა შეეგროვებინათ. ხელმოწერების შესაგროვებლად ისინი რამდენიმე კვირა კამპანიას აწარმოებდნენ. საარჩევნო კომისიაში მიტანილ ხელმოწერებზე კი მათ განუცხადეს, რომ ხელმოწერათა დიდი ნაწილი არავალიდური იყო - სახელები, მისამართები, პასპორტის დეტალები არასწორი იყო. 

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომელიც ქალაქის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდასაჭერად იმართებოდა. პოლიციამ აქციები ძალადობრივად არაერთხელ დაარბია. მხოლოდ 27 ივლისს აქციაზე პოლიციამ 1300-ზე მეტი ადამიანი დაკაავა. აქციების დაწყების მომენტიდან ამ დრომდე, სისხლის სამართლის საქმე 20 მოქალაქის წინააღმდეგ აღიძრა, 100-ზე მეტ მოქალაქეს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა. ამ პერიოდში დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმების ჯამური რაოდენობა 5 მილიონი რუბლია. (75 ათასი დოლარი). ამ დროისთვის ამ ოპოზიციონერების უმეტესობა ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება.

მაისში პუტინისადმი ნდობა 2006 წლის შემდეგ ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა - მას მოსახლეობის 31.7% ენდობა. დაბალი ნდობის მიუხედავად, მოსახლეობის 65.8%-თვის პუტინი კვლავ მისაღებია. ყირიმის ანექსიის შემდეგ 2015 წლის ივლისში პუტინისადმი ნდობის მაჩვენებელი 71% იყო,​ ხოლო 2018 წლის მაისში ეკონომიკის გაუარესებასა და საპენსიო ასაკის გაზრდის შემდეგ - 47.4% გახდა.

კომენტარები