მამუკა მდინარაძე

მდინარაძე: ძნელია მუდმივად ფეიქნიუსების გავლენის ქვეშ იყო, საბედნიეროდ, ხალხი არ ტყუვდება

ტაბულა

უმრავლესობის დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ნაციონალური მოძრაობის კამპანია უფრო ისტერიულ ფაზაში გადადის და უფრო მეტად ხდება ტყუილის შეთხზვასა და მოგონილი ამბების ტირაჟირებაზე ორიენტირებული.

როგორც მან ტვ. იმედის გადაცემაში "პირისპირ" თქვა, მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის სიცრუეზე აგებული კამპანიისა, ხალხი ადვილად არ ტყუვდება.

"საზოგადოების უდიდესი ნაწილი ნაციონალური მოძრაობის კამპანიის გავლენის ქვეშ, საბედნიეროდ, არ ექცევა. ხალხი რომ ადვილად ტყუვდებოდეს "ქართული ოცნება" ყველა არჩევნებს წააგებდა. ხალხი თეთრს და შავს კარგად არჩევს. თუმცა ძალიან ძნელია მუდმივად იყო ოპოზიციის მედიასაშუალებების ფეიკნიუსების გავლენის ქვეშ, ძალიან ძნელია, საზოგადოება იმყოფებოდეს მუდმივი სტრესის ქვეშ,"- ამბობს მდინარაძე.

მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდმა უფრო მეტი ძალისხმევა მიმართა ხალხთან კომუნიკაციის გაუმჯობესებისკენ.

"ჩვენ მუდმივად ვხვდებით მოსახლეობას. რამდენიმე ასეული სოფელი დავფარეთ. ბევრი მოქალაქის მოსაზრება მოვისმინეთ, ბევრ რაიმეს ვითვალისწინებთ. შეხვედრების პროცესში დასმული საკითხების კოდიფიცირება უკვე მოვახდინეთ",- ამბობს მდინარაძე. 

მისივე თქმით, ქვეყნის მთავარი გამოწვევა "ტყუილთან დაპირისპირებაა". ამის ერთ-ერთ მაგალითად კი გერმანულ გამოცემა "დოიჩე ველეში" გამოქვეყნებული სტატია მოიყვანა, სადაც გამოცემამ დაწერა, რომ საქართველოს პარლამენტმა, ქვეყნის პრემიერად"რუსეთის კაცი" აირჩია.

"ყველა ტყუილს უნდა დაერქვას თავისი სახელი", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ

კომენტარები