არჩევნები 2020

Bloomberg: საქართველო-დასავლეთის კავშირი პროდასავლური ოპოზიციის შედეგებზეა დამოკიდებული

Vano Shlamov / AFP

ამერიკული გამოცემა Bloomberg აქვეყნებს სტატიას სათაურით "რა სჭირდება საქართველოს ოპოზიციას დასავლეთისგან", სადაც ნათქვამია, რომ რამდენად დარჩება საქართველო დასავლეთის სტაბილურ მოკავშირედ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი შედეგი ექნება პროდასავლურ ოპოზიციას მომავალ არჩევნებში.

"დღეს საქართველო რუსეთის თოჯინა არაა. არც ავტორიტარიზმში გადავარდნილა ჯერ. მაგრამ რამდენად შეძლებს საქართველო დარჩეს დასავლეთის სანდო მოკავშირედ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგი შედეგი ექნება პროდასავლურ ოპოზიციას მომავალ არჩევნებზე," - წერს ავტორი.

წერილში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილმა აშშ-სგან უნდა მიიღოს გზავნილი, შემდეგი არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს:

"საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, რომელიც ასევე ქვეყნის ყველაზე მდიდარი მოქალაქეა, აშშ-მ უნდა გაუგზავნოს მესიჯი, რომ ის მომავალი არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი და აზრიანი. და თუკი ივანიშვილს სურს დესპოტივით მოიქცეს, მაშინ ამერიკაც შესაბამისად უნდა მოეპყრას."

სტატიაში, რომელიც დღეს, 13 სექტემბერს გამოქვეყნდა Bloomberg-ზე, ავტორი ილაი ლეიკი იმასაც წერს, რომ გიორგი გახარიას გაპრემიერება უნდა აშფოთებდეს აშშ-სა და ევროპას. ის აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიამ პოსტ-საბჭოთა წლები რუსეთში გაატარა და იქაური მოქალაქეობა მხოლოდ და მხოლოდ 2013 წელს დათმო. ჟურნალისტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ გახარია პროდასავლურ ოპოზიციას ესხმის თავს.

კომენტარები