სალომე ზურაბიშვილი

ადმინისტრაცია: პრეზიდენტი ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და ბაზაზე გაშენებული ვაზის საკოლექციო ნაკვეთი დაათვალიერა.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და დაგეგმილი დიაგნოსტიკური კვლევების შესახებ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებისაგან მიიღო.

პრეზიდენტმა ცენტრის ფუნქციონირებას უმნიშვნელოვანესი უწოდა და აღნიშნა, რომ მას უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაში.

"მომავალ კვირას გაეროში მივდივარ და ერთერთი ღონისძიება, რომელშიც ასევე მივიღებ მონაწილეობას კლიმატის კონფერენციაა, სადაც მინდა წარვადგინო ჩვენი ქვეყნის უდიდესი უპირატესობა - ენდემური ჯიშების მრავალფეროვნება. საქართველოში წარმოიშვა არა მხოლოდ ვაზის, არამედ ხორბლის და სხვადასხვა მცენარეების ენდემური ჯიშები. ამის შენარჩუნება და განვითარება ჩვენი ქვეყნის პოტენციალის განვითარება და გაძლიერებაა. ამ ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ცენტრში ტარდება სელექციური სამუშაოები, მეღვინეობის ბაზაზე კი მეღვინეები 100-150 სხვადასხვა ჯიშისგან ღვინოებს ამზადებენ.

კომენტარები