პრეზიდენტის შეწყალება

ვოლსკი ზურაბიშვილზე: მორატორიუმი სწორია, რაღაც პერიოდი ეს უნდა გაჩერდეს

ტაბულა

"მორატორიუმი სწორია, რაღაც პერიოდი ეს უნდა გაჩერდეს, ვინაიდან სტანდარტების გარეშე შეიძლება მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ერთი ადამიანი ვერც ერთ სფეროში ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ისე, რომ შეცდომა არ დაუშვას", - ასე აფასებს ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მორატორიუმის შესახებ.

გია ვოლსკის შეფასებით სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებებმა პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში სტრესი შემოიტანა. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებებში საკამათო ბევრია.

ხოლო, რაც შეეხება განმარტებებს, თუ როგორ იყენებს საკონსტიტუციო უფლებამოსილებას პრეზიდენტი, ეს მისმა ოფისმა უნდა გააკეთოს და შემდეგ გადაწყდეს, თუ "რაშია საქმე".

"შეწყალება შეიძლება ადამიანის, რომელიც ინანიებს, შეიძლება ადამიანის, რომელსაც დაზარალებული მხარე არ ედავება, ასევე თუ მსუბუქი დანაშაული აქვს, ან არ არის სოციალურად საშიში - ასეთი კრიტერიუმების შეთანხმება შესაძლებელია", - ამბობს გია ვოლსკი.

სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. დღევანდელ  ბრიფინგზე, რომელიც სწორედ ამ საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა, პრეზიდენტმა თქვა, რომ შეწყალების წესები უნდა გადაიხედოს და მორაატორიუმიც სწორედ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ეს წესები შემუშავდება. 

მარიამობის დღესასწაულის შეწყალების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი კრიტიკის ობიექტი გახდა. მის მიერ შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. გარდა ამისა, მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორის ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც არის, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. 

თავდაპირველად პრეზიდენტი არ პასუხობდა კითხვას, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი და ამბობდა, რომ პრეზიდენტს შეწყალების დისკრეციული უფლება აქვს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა და შეწყალების უფლების "დახვეწის" ინიციატივით გამოვიდა. 

კომენტარები