ადმინისტრაციული სახდელი

მოქალაქეების ნაწილს 15.01.2019-მდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ჯარიმები ჩამოეწერება

speakerstones

საქართველოს მოქალაქეების ნაწილს 2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჯარიმები ერთჯერადად ჩამოეწერება. იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ინიციატივა პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.

ინიციატივა ეხება სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს, არასრულწლოვნებს, შშმ პირებს, მარტოხელა მშობლებსა და დევნილებს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, პროექტი, ჯამში, 37 350-მდე საქმეს შეეხება.

უწყების ინფორმაციით, ჯამში მოქალაქეებს 23 538 178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ. კანონი მოქალაქეებს, სახდელთან ერთად, მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს.

ამნისტია არ ვრცელდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 125​ პრიმა მუხლის ჩადენისთვის გათვალისწინებულ სახდელზე და საურავზე. ეს მუხლის დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევას გულისხმობს.

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო აღნიშნული კატეგორიის პირების შესახებ მონაცემთა ბაზების მწარმოებელი ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, 3 თვის ვადაში, ეტაპობრივად, შეწყვეტს ამ პირების მიმართ წარმოებაში არსებული საქმეების აღსრულებას. ამ პერიოდის განმავლობაში, აღნიშნული პირების მიმართ იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები არ განხორციელდება.

სამინისტრო ავრცელებს ჩაშლილ ინფორმაციას სააღსრულებო საქმეების რაოდენობის, ჯარიმებისა და საურავების შესახებ, კერძოდ:

  • დევნილები - 5 861 სააღსრულებო საქმე, ჯამურად - 2 607 063 ლარი;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები - 1 188 სააღსრულებო საქმე, ჯამურად - 662 281.21 ლარი;
  • სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები - 25 887 სააღსრულებო საქმე, ჯამურად -  16 909 193 ლარი;
  • ასაკით პენსიონრები - 2 199 სააღსრულებო საქმე, ჯამურად - 1 853 933 ლარი;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - 2 083 საქმე, ჯამურად - 1 451 459 ლარი
  • მარტოხელა მშობლები - 132 საქმე, ჯამურად -  54 248 ლარი.

კომენტარები