რამზან ახიადოვის ექსტრადირება

წულუკიანი ახიადოვზე: სტრასბურგული საფუძველი არ არსებობდა, რომ ექსტრადიციაზე უარი გვეთქვა

0 კომენტარი
ფოტო: იმედი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეთნიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემაზე დამატებით კომენტარს აკეთებს. 

წულუკიანის თქმით, ის იმედოვნებს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ახიადოვის "დანაშაულებრივი პროფილი" მალე გამოქვეყნდება. 

"[ახიადოვი] არამხოლოდ პირადად, როგორც ჩანს, იბრძოდა ისლამური სახელმწიფოსთვის სირიაში, არამედ თურქეთში წამოსული, თურქეთიდან ამარაგებდა ფინანსებითა ისლამურ სახელმწიფოს და მხოლოდ ამის შემდეგ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში ოჯახთან ერთად, არავითარი სამართლებრივი და სტრასბურგული საფუძველი არ არსებობდა იმისათვის, რომ ექსტრადიციაზე გვეთქვა უარი,"- ამბობს წულუკიანი. 

ეთნიკურად ჩეჩენი რუსეთის მოქალაქე რამზან ახიადოვი 19 სექტემბერს ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციას გადასცა. 

რამზან ახიადოვი საქართველოში 2017 წლიდან ცხოვრობდა. ის 9 თვის წინ, ქუთაისში, მანქანის არასწორი პარკისებისას გააჩერეს. პოლიციამ მაშინ გაარკვია, რომ ახიადოვი ინტერპოლით ძებნილი იყო. მას შემდეგ, ის რუსთავის #6 დაწესებულებაში იმყოფებოდა. რუსეთის ფედერაცია რამზან ახიადოვს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში სდებს ბრალს, თუმცა, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ აღიარებს.

აღსანიშნავია, რომ 19 სექტემბერს, საგანგებო ბრიფინგზე ევროპული საქართველოს დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ ხელისუფლებას მოუწოდა, არ გადაეცათ რამზან ახიადოვი რუსეთისათვის, რადგან იქ მას არადამიანური მოპყრობა ელოდა. თუმცა, იუსტიციის მინისტრმა მოგვიანებით განაცხადა, რომ დაკავებულის რუსეთში ექსტრადირება უკვე მოახდინეს.

Amnesty International-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა. აღურიცხავთ წამებისა და არასათანადო მოპყრობის არაერთი შემთხვევა. ზოგჯერ, პატიმრების გადაყვანისას ისინი დროებით უჩინარდებოდნენ და ოჯახის წევრებს მათი ადგილსამყოფელის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ. მსგავსი არასათანადო მოპყრობისა და წამების შემთხვევები ხდება ჩეჩნეთშიც.

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC კი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტრომ ახიადოვის ექსტრადირებით წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან დაცვის აბსოლუტური უფლება დაარღვია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები