ბორის ჯონსონი

ჯონსონი: ზოგ პარლამენტარს სურს, რომ ბრექსითი პრომეთეს ტანჯვასავით უსასრულოდ გაგრძელდეს

0 კომენტარი
ბორის ჯონსონი ფოტო: Financial Times

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ბრიტანეთის პარლამენტის ზოგ წევრს სურს ბრექსითის პროცესი უსასრულოდ გაწელოს, როგორც პრომეთეს ტანჯვა.

"ეს უსასრულოდ გრძელდებოდა, დაახლოებით როგორც ბრექსითის გამოცდილება ბრიტანეთისათვის, ზოგიერთი პარლამენტარის სურვილზე რომ იყოს დამოკიდებული." თქვა მან.

მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ჯონსონის მიერ პარლამენტის მუშაობის შეჩერება უკანონოდ ცნო, კანონმდებლები პარლამენტში ბრუნდებიან. ოპოზიცია ჯონსონის გადადგომას მოითხოვს.

ჯონსონმა აშშ-ში შეხვედრები გამართა, მათ შორის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. მან გაეროს სამიტი ადრე დატოვა და  დიდ ბრიტანეთში დღეს დაბრუნდება. პრემიერმინისტრმა თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, თუმცა პატივს სცემს მას.

ჯონსონმა თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუშლის ბრექსითის შეთანხმების მიღწევას, თუმცა კანონის მიხედვით ბრიტანეთი ევროკავშირს 31 ოქტომბერს დატოვებს.

"ამჟამად მოქმედი კანონით ბრიტანეთი ევროკავშირს 31 ოქტომბერს დატოვებს, თუმცა ახლა ჩვენ შეგვიძლია კარგი შეთანხმების მიღწევა. სწორედ ამაზე ვმუშაობთ და გულწრფელად რომ გითხრათ პარლამენტში და სასამართლოებში მსგავსი ქმედებები ამას არ აადვილებს.

იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ და ვფიქრობ მოსახლეობას სურს ნახოს ერთობა პარლამენტში და ეროვნული ინტერესებისთვის მუშაობა ამის მისაღწევად." თქვა ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის მიერ პარლამენტის მუშაობის 5-კვირიანი შეჩერება უკანონო იყო.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით პარლამენტის მუშაობის შეჩერება გაუქმდა. მოსამართლეებმა შემდეგი ნაბიჯის გადადგმა თემთა და ლორდთა პალატის სპიკერებს მიანდეს.

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერი ჯონ ბერკოუ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც ბორის ჯონსონის მიერ პარლამენტის მუშაობის შეჩერება უკანონოდ ცნო:

"მივესალმები უზენაესი სასამართლოს განაჩენს იმის თაობაზე, რომ პარლამენტის მუშაობის შეჩერება უკანონო იყო. მოსამართლეებმა უარყვეს მთავრობის არგუმენტი, რომ პარლამენტის 5 კვირით დახურვა სტანდარტული პრატქიკაა დედოფლის ახალი სიტყვისათვის მოსამზადებლად. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ აღადგინა პარლამენტის უფლება და მოვალეობა შეიკრიბოს გადამწყვეტ მომენტში, რათან კრიტიკულად შეისწავლოს აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედება და პასუხი მოსთხოვოს მინისტრებს. როგორც საპარლამენტო დემოკრატიის განსახიერება, თემთა პალატა დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს. ამისათვის სასწრაფოდ გავივლი კონსულტაციებს პარტიების ლიდერებთან." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის უმაღლესმა სამოქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის მიერ პარლამენტის მუშაობის დროებით შეჩერება უკანონოა.

პანელმა, რომელიც სამი მოსამართლისაგან შედგებოდა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელ პოლიტიკოსთა სარჩელი ერთხმად დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება აუქმებს ლონდონის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლის მიხედვითაც პარლამენტის შეჩერება კანონს არ არღვევს.

რატომ შეაჩერა ბორის ჯონსონმა პარლამენტის მუშაობა?

  • 27 აგვისტოს პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა დედოფალს მიმართა თხოვნით გადაედო ტრადიციული მიმართვა პარლამენტისადმი 14 ოქტომბრამდე.
  • ზაფხულის შესვენების შემდეგ პარლამენტის მუშაობა 3 სექტემბერს, დედოფლის მიმართვის შემდეგ უნდა დაწყებულიყო, თუმცა ელისაბედ მეორემ ჯონსონის თხოვნა დააკამაყოფილა და შედეგად პარლამენტის მუშაობა დროებით შეჩერდა.
  • ამან უკმაყოფილება გამოიწვია როგორც ოპოზიციურ პარტიებში, ასევე თავად ჯონსონის კონსერვატიულ პარტიაში, ვინაიდან ამგვარად პარლამენტს ბრექსითის ბოლო ვადამდე, რომელიც ამჟამად 31 ოქტომბერია, საკითხების განსახილველად მხოლოდ 2 კვირა რჩებოდა.
  • პარლამენტის მუშაობა 10 სექტემბერს შეჩერდა. მანამდე კი კანონმდებლებმა მოახერხეს კანონის მიღება, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას ხელს შეუშლის. კანონი ლორდთა პალატამაც დაამტკიცა.
  • კანონი ბორის ჯონსონს დაავალდებულებს შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში ბრექსითის ვადის კიდევ ერთხელ გადაწევა ითხოვოს. ჯონსონმა კი თქვა, რომ ბრექსითის გადავადების აზრს ვერ ხედავს და ევროკავშირისათვის ვადის გადაწევის თხოვნას თხრილში სიკვდილი ურჩევნია.
  • კანონს თემთა პალატაში მხარი 328 კანონმდებელმა დაუჭირა, მათ შორის კონსერვატიული პარტიის 21-მა წევრმა, მიუხედავად იმისა, რომ მათ პარტიიდან გარიცხვით დაემუქრნენ.
    მათ შორის იყვნენ უინსტონ ჩერჩილის შვილიშვილი ნიკოლას სომსი და ყოფილი ფინანსთან მინისტრები ფილიპ ჰამონდი და კენეთ კლარკი.
    კონსერვატიული პარტიის დეპუტატის მანდატი და ბიზნესის მინისტრის პოსტი დატოვა ბორის ჯონსონის ძმამ, ჯო ჯონსონმაც.
  • კანონის მიღების შემდეგ ჯონსონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა სცადა. მან თქვა, რომ არჩევნების დანიშნვა არ სურს, მაგრამ პარლამენტი შეთანხმების გარეშე ბრექსითის შეფერხების მცდელობით ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესში ბრიტანეთის პოზიციებს ძირს უთხრის.
  • თემთა პალატამ ინიციატივას ვადამდელი არჩევნების შესახებ მხარი არ დაუჭირა.
  • თემთა პალატის სპიკერმა მთავრობას მიმართა და თქვა, რომ მზად არის დაუშვას "დამატებითი პროცედურული კრეატიულობა" თუ ეს საჭირო გახდება, რათა პარლამენტმა შეძლოს ჯონსონის მხრიდან კანონისათვის გვერდის ავლის დაბლოკვა.

ბოლო განვითარებები ბრექსითთან დაკავშირებით:

  • The Guardian-ის ინფორმაციით პარლამენტართა ნაწილს პარლამენტის მუშაობის აღდგენის შემდეგ მეის გეგმის დაბრუნება და ბრექსითზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარება სურს.
     
  • ტერეზა მეის გეგმა პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო, რის შემდეგაც მან პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა. მთავარ წინააღმდეგობად ე.წ. "ბექსტოპის" მექანიზმი იქცა. ჯონსონს სწორედ ამ საკითხის შეცვლა სურს ევროკავშირთან ხელახალი მოლაპარაკებებისას და ამბობს, რომ "ბექსტოპის" ამოღების გარეშე შეთანხმება ვერ შედგება. ევროკავშირში კი ამბობენ, რომ მისი ამოღება მიუღებელია.
  • გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბორის ჯონსონს უთხრა, რომ ჯონსონმა "ბექსტოპის" ალტერნატივა უნდა მოიფიქროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ხელახალი მოლაპარაკებებისათვის საკმარისი დრო არ არის. ამის შემდეგ ჯონსონმა დიდი შვიდიანის სამიტზე განაცხადა, რომ შეთანხმების გარეშე ბრექსიტი ევროკავშირის ბრალი იქნება, თუმცა დიდი ბრიტანეთი მას მარტივად გაუმკლავდება.
  • "ბექსტოპის" მექანიზმით ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში, თუმცა, ბრიტანეთი ვერდატოვებდა ევროკავშირის საბაჟო კავშირს მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლიდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" დადგენის საშიშროება არ იქნებოდა. ბრიტანეთი ასევე დათანხმდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან ევროკავშირს "უფრო ღრმა" საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა, რაც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები