ბორის ჯონსონი

ჯონსონი: პრიგოჟინის მკვლელობა მტკიცებულებაა, რომ პუტინთან მშვიდობაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი
Leon Neal/Getty Images

Daily Mail-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი პრიგოჟინის სიკვდილზე ვრცლად საუბრობს და აღნიშნავს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა იმის საბოლოო მტკიცებულებაა, რომ პუტინთან მოლაპარაკებებით უკრაინაში მშვიდობა ვერ დამყარდება.

მისი თქმით, ვაგნერის ჯგუფის ხელმძღვანელის მკვლელობის უკან იგივე კაცი დგას, ვინც რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი და ნოვაია გაზეტას ჟურნალისტი, ანა პოლიტკოვსკაია მოკლა და გაერთიანებულ სამეფოში ალექსანდრ ლიტვინენკო და სერგეი სკრიპალი მოწამლა - ეს კაცი ვლადიმირ პუტინია.

ჯონსონის აზრით, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება პრიგოჟინის მკვლელობასთან დაკავშირებით მოულოდნელი არ არის.

"ვაგნერის ჯგუფმა რუსული სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები ჩამოაგდო. მათ დახოცეს თანამემამულე რუსები - რუსეთში. მათ საკვანძო ქალაქი როსტოვი აიღეს, ტყვიის გაუსვრელად, ადგილობრივების ენთუზიაზმით სავსე მხარდაჭერით და დედაქალაქთან მოლაპარაკებებისას ატომური ბაზა ეკავათ.

ვაგნერის ჯგუფის აჯანყებულებმა დაუფარავი თავხედობით გაანადგურეს ძვირფასი ილუზია რასაც რუსული სახელმწიფო - ყველა სახელმწიფოს მსგავსად - ეყრდნობა: რომ მას, სოციოლოგ მაქს ვებერის ფრაზით, ძალადობის ლეგიტიმურ გამოყენებაზე მონოპოლია აქვს". - წერს ჯონსონი და დასძენს, რომ ამას პუტინი პრიგოჟინს არასდროს აპატიებდა.

ჯონსონი დასავლეთში გავრცელებული იმ მოსაზრებების შესახებაც წერს, რომ პრიგოჟინის მკვლელობით პუტინი უფრო სუსტი მმართველი გამოჩნდა. ის აღნიშნავს, რომ ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის მკვლელობა ყველგან ისე არ აღიქმება როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში და თვითმფრინავის ჩამოგდება BRICS-ის - ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ბლოკის - სამიტის მიმდინარეობას შემთხვევით არ დაემთხვა.

"ბევრია რუსეთსა და მთელს მსოფლიოში ისეთი, ვინც ამ მკვლელობას სხვაგვარად დაინახავს. არა როგორც სისუსტეს, არამედ როგორც სიმტკიცეს". - წერს ჯონსონი და აღნიშნავს, რომ პუტინმა პრიგოჟინი ისე მოკლა, რომ უშუალოდ თვითმფრინავის ვარდნის კადრებიც, ანუ მკვლელობის პროცესიც კი ტელევიზიით ფართოდ გაშუქებულიყო და ამას მაქსიმალური გლობალური გამოხმაურება მოჰყოლოდა.

სტატიაში ჯონსონი უკრაინაზე და ქვეყანაში მიმდინარე ომის მნიშვნელობაზეც საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ომის შედეგი მსოფლიოს მომავალს ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავს და ამბობს, რომ "თუ პუტინი უკრაინაში მოიგებს, ეს მსოფლიოს გარშემო დემოკრატიისთვის კატასტროფა იქნება".

"უპირველეს ყოვლისა, პუტინის გამარჯვება მორალური სისაძაგლე იქნება - დამარცხება თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და სრულიად უდანაშაულო ქვეყნის, რომელიც სწორედ იმიტომ ისჯება, რომ თავისუფლება და დემოკრატია აირჩია". - წერს ჯონსონი.

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრის აზრით, იმისთვის, რომ პუტინმა არ გაიმარჯვოს და ყველას, ვინც თვლის ან ამბობს, რომ დასავლეთი არასანდო პარტნიორია, ამ აზრის დასამტკიცებლად და ლიბერალური დემოკრატიის იდეის საწინააღმდეგოდ დამატებითი არგუმენტები არ გაუჩნდეს, დასავლეთმა პრიგოჟინის მკვლელობიდან მნიშვნელოვანი დასკვნა უნდა გამოიტანოს: უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად "არსებობს მხოლოდ ერთი გზა - პუტინის დამარცხება და უკრაინის გამარჯვება, რაც შეიძლება სწრაფად".

თვითმფრინავი, რომლის მგზავრთა სიაშიც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი და მოქირავნეთა სამხედრო მეთაური, დმიტრი უტკინი იმყოფებოდნენ, ტვერის ოლქში გაურკვეველ ვითარებებში 23 აგვისტოს ჩამოვარდა. კრემლი ავიაკატასტროფაში მონაწილეობას უარყოფს.

კომენტარები