აშშ

საიმპიჩმენტო გამოძიების ფონზე ტრამპმა ზელენსკისთან საუბრის ტრანსკრიპტი გამოაქვეყნა

დონალდ ტრამპი / ჯო ბაიდენი
CNN

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საიმპიჩმენტო გამოძიების ფონზე მისი და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, სატელეფონო საუბრის ტრანსკრიპტი გამოაქვეყნა, სადაც ის ზელენსკის დემოკრატი ჯო ბაიდენის შვილის მიმართ გამოძიების დაწყებას სთხოვს. 

ტრანსკრიპტიდან არ ჩანს ის, რომ ტრამპი ზელენსკის გარიგებას სთავაზობს, თუმცა, სანამ ბაიდენის შვილის მიმართ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს, ეუბნება, რომ აშშ უკრაინას "ძალიან, ძალიან კარგად" ექცეოდა. 

"როდესაც ანგელა მერკელს შევხვდი, ის საუბრობს უკრაინაზე, თუმცა ის არაფერს აკეთებს. ბევრი ევროპული ქვეყანა იქცევა ასე, მაგრამ შეერთებული შტატები უკრაინას ძალიან, ძალიან კარგად იქცეოდა. ვერ ვიტყოდი რომ ეს აუცილებლად ორმხრივია, იმიტომ რომ რაღაცეები ხდება რაც უკრაინისთვის კარგი არაა, თუმცა აშშ ძალიან ძალიან კარგად ექცეოდა უკრაინას," - ეუბნება ტრამპი ზელენსკის. 

უკრაინის პრეზიდენტი ტრამპს დაეთანხმა და მას უთხრა, რომ რუსეთისთვის დაკისრებული სანქციებით აშშ უკრაინისთვის "ბევრად დიდი პარტნიორია", ვიდრე ევროპული ქვეყნები. ზელენსკივემ დაამატა, რომ ის შეერთებული შტატებისგან მეტი ჯაველინების შეძენას გეგმავს. 

რის პასუხადაც ტრამპი ზელენსკის ეუბნება: 

"გვინდა, რომ რაღაც გთხოვოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრ სირთულეს აწყდება ახლა და უკრაინამ ეს ყველაფერი კარგად იცის...

ბევრს საუბრობენ ბაიდენის შვილზე, რომ ბაიდენმა საქმე შეაჩერა და ბევრ ადამიანს სურს გაიგოს, რა მოხდა, ასე რომ, რის გაკეთებასაც შეძლებ მთავარ პროკურორთან ერთად, ძალიან კარგი იქნება. ბაიდენი ტრაბახობდა აქეთ-იქით, რომ მან გამოძიება შეაჩერა, ასე რომ, თუ შეგიძლია, გადახედო... ეს ჩემთვის საშინლად ჟღერს". 

ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 25 ივლისს შედგა. საუბრის შინაარსზე მასალა თავდაპირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა. მათ მიერ მომზადებულ მასალაში ეწერა, რომ ეს ინფორმაცია მათ არაერთმა წყარომ დაუდასტურა. საუბარია დონალდ ტრამპის თხოვნაზე ვოლოდიმირ ზელისნკის მიმართ.

გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ზელენსკის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის მიმართ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა. ჰანტერ ბაიდენი 2014-19 წლებში უკრაინული ნავთობკომპანიის "ბურისმას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

სამშაბათს, 24 სექტემბერს, ტრამპმა აღიარა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა თხოვნით, გამოძიებინათ ჯო ბაიდენის და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანობა. ტრამპის თქმით, თხოვნას იძულების ან გავლენის მოხდენის შინაარსი არ ჰქონია. 

ტრამპმა, ასევე აღიარა, რომ თითქმის ორი თვით შეაკავა უკრაინისთვის განკუთვნილი 400 მილიონი დოლარის ფულადი დახმარების გაცემა.

დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესში დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიება დაიწყო.

კომენტარები