რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ზალკალიანი: ლავროვთან შეხვედრამდე სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციები გავიარეთ

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრას გამოეხმაურა.

ზალკალიანის თქმით, ქართულმა მხარემ ლავროვთან შეხვედრამდე ევროპელ და სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციები გაიარა. 

"გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანია ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგანაც პირველი შესაძლებლობა იქნებოდა, რომ ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი ანუ ის მდგომარეობა, სიმართლე, რაც არის დაკავშირებული იქ შექმნილ მძიმე მდგოამრეობასთან,"- ამბობს ზალკალიანი. 

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მხარეებს შორის მსჯელობის ძირითადი თემა დეოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მავთულხლართების გადმოწევა იყო. 

"ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ბევრი პრობლემური საკითხი, მათ შორის, რაც არის დაკავშირებული ჟენევის მოლაპარაკებებთან და იქ საქართველოსთან პოზიციასთან და საქართველოს პოზიციასთან მიმართებით რუსეთის დამოკიდებულებასთან. 

ბუნებრივია, ვფიქრობ, რომ ჩვენ ამის შესახებ აუცილებლად ვაცნობებთ ჩვენს პარტნიორებს და გავაგრძელებთ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სიტუაციის დეესკალაციისკენ,"- ამბობს ზალკალიანი. 

ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც ეწერა, რომ შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია იყო. 

რუსული სააგენტო კომერსანტი წერს, რომ "მოლაპარაკებები გაუმჯობესებული ურთიერთობების ფონზე წარიმართა, მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ივნისში განსაკუთრებით დაიძაბა".

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა 2008 წლის ომის შემდეგ არ მომხდარა.

კომენტარები