ეროვნული ბანკი

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა

ტაბულა

დღეს, 27 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9546 შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა გუშინ დააანონსა, რომ სავალუტო რეზერვებიდან 40 მილიონის გაყიდვას აპირებდა. გუშინვე ლარი დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმზე დაეცა.

"ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად, ეროვნული ბანკი ხვალ, 27 სექტემბერს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის." - ეწერა ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია ბოლო ორ თვეში მეორედ განახორციელა.

ივნისის პირველ ორ კვირაში 2.74-მდე ჩამოსვლის შემდეგ, ლარმა 14 ივნისიდან გაუფასურება განაგრძო და 1 აგვისტოს დოლართან მიმართებით მაშინდელ ისტორიულ მინიმუმამდე - 2.9718-მდე დაეცა.

1 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა და აქედან 32.8 მილიონი გაყიდა, რასაც ლარის ოდნავი გამყარება, შემდეგ კი კვლავ გაუფასურება მოსდევს.

კომენტარები