გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური სპეცრაზმელის გათავისუფლებაზე კომენტარს არ აკეთებენ

ტბელ აბუსერიძე

საქართველოს მოქმედი პრემიერმინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის გათავისუფლებაზე კომენტარს არ აკეთებს. გავრილოვის ღამე, როცა პარლამენტთან შეკრებილი მოქალაეები ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაარბიეს, სწორედ გიორგი გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი.

"დღეს სხვა თემებზე არ ვისაუბრებ", - თქვა გახარიამ გუშინ, 27 სექტემბერს კინოთეატრ ამირანში, სადაც დიტო ცინცაძის ახალი ფილმის "შინდისის" ჩვენებას დაესწრო.

ჩვენებაზე იმყოფებოდნენ მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც. შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არის თუ არა შერჩევითი სამართალი სპეცრაზმელის გათავისუფლება და აქციის მონაწილეების პატიმრობაში დატოვება. გომელაური პასუხისმგებლობას სასამართლოს აკისრებს.

"კაი, უხერხულია, ხო ვჩერდები ხოლმე ხო? არ ვაკეთებ კომენტარს. რა გჭირთ, უკაცრავად, რას აკეთებთ, ტო... არ ვაკეთებ კომენტარს-მეთქი. რა ზრდილობაა, უკაცრავად, რა გჭირთ, ვერ გავიგე, ხალხო, არ ვაკეთებ კომენტარს-მეთქი. რა არის ორმაგი სტანდარტი? სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სასამართლომ...", - თქვა გომელაურმა მაშინ, როცა ჟურნალისტების მისთვის კითხვების დასმას ცდილობდნენ და ტერიტორია დატოვა.

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი ლევან იმერლიშვილი 27 სექტემბერს გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან გაათავისუფლეს. იმერლიშვილს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო დააკისრა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა სხდომაზე დაცვის მხარემ დააყენა, ამის მიზეზად სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა, რაც ბრალდების მხარემ არ გაიზიარა.

დღეს, 28 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ამასთან დაკავშირებით აქცია სახელწოდებით "შერჩევითი სამართალი სირცხვილია" გაიმართება.

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი 15 ივლისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2019 წლის 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე იმერლიშვილმა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.

20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია ხელისუფლებამ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, მოგვიანებით კი წყლის ჭავლებით ძალადობრივად დაარბია. დარბევის შედეგად დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათგან 160 სამოქალაქო პირი. 2-მა ადამიანმა რეზინის ტყვიების მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა. 

20 ივნისის საქმეზე სულ პასუხისგებაში მიეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი, რომელთაგან უკვე 2 საქალაქო სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

ხოლო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, კერძოდ, ჩამოართვეს პასპორტი და დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური, რითიც შეზღუდული აქვს გადაადგილება.

კომენტარები