მეჩეთის მშენებლობა ბათუმში

ქართველ მუსლიმთა კავშირი: ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პრეცედენტია

TarIel Nakaidze/Fb.com

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე და ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მნიშვნელოვან პრეცედენტს უწოდებს. ის გამარჯვებას ულოცავს საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმს და საქართველოს ყველა მოქალაქეს.

"ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი პრეცედენტი რელიგიის თავისუფლების დაცვისა და რელიგიური თემებისა და ორგანიზაციების თანასწორობის მხარდაჭერის გზაზე.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ქართველი მულიმების სახელით მადლობას გადავუხდი ორგანიზაციებს TDI-ის და EMC-ის, მათ ნამდვილად კვალიფიციურ და შეუპოვარ იურისტებს, რომელთა დამსახურებაა ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ასევე მადლობას ვუხდით სახალხო დამცველს და სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წევრ ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, რომლებიც მთელი ამ გრძელი და რთული პროცესის განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ და გვამხნევებდნენ.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ ქართველი მუსლიმების ბრძოლა, ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ მეჩეთის მშენებლობისათვის ბრძოლა, ეს ბრძოლა არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ბრძოლა, ეს ბრძოლა არის რელიგიური უმცირესობების უფლებებისთვის, ეს ბრძოლა არის საქართველოს კონსტიტუციის იდეალებისთვის, რომელიც თანასწორობას, თავისუფლებას და ღირსებას იცავს" - წერს ტარიელ ნაკაიძე.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მერიის გადაწყვეტილებაში, უარი ეთქვა მუსლიმი თემისთვის ახალი მეჩეთის მშენებლობაზე, დისკრიმინაცია დაადგინა, ბათილად ცნო იგი და საქმე ბათუმის მერიას ხელახლა განსახილველად დაუბრუნა. ეს იმას ნიშნავს, რომ მერიამ ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის საკითხზე ხელახლა უნდა იმსჯელოს. ბათუმის მერია გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

მუსლიმი თემი ბათუმში მეჩეთის ასაშენებლად წლებია იბრძვის. თემმა სასამართლოს სარჩელით 2017 წელს მიმართა, სადაც მათ ინტერესებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავდა. 

სარჩელის ძირითადი მოთხოვნა იყო, სასამართლოს ბათილად ეცნო ბათუმის მუნიციპალიტეტის ის გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი ეთქვა. მოსარჩელეს სურდა, სასამართლოს მუნიციპალიტეტისათვის ნებართვის გაცემა დაევალებინა და დაედგინა, რომ მუსლიმთა მიმართ ადგილი ჰქონდა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას.

მოსარჩელე მხარის შეფასებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან გამოყენებული არგუმენტები მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე, აშკარად დაუსაბუთებელი და უკანონოა.  

კომენტარები