"მხარდაჭერა გავრილოვის პატიმრებს" - 2 ოქტომბერს გლდანის ციხესთან აქცია გაიმართება

2 ოქტომბერს, 15:00 საათზე, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" გავრილოვის პატიმრებისა და მათი ოჯახების მხარდამჭერ აქციას გამართავს.

"ამ დროისთვის ციხეში რჩება 16 მოქალაქე, რომელსაც ხელისუფლება ჯგუფურ, ორგანიზებულ ძალადობას ედავება. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულებზე აღიარებითი ჩვენებების მოპოვების მიზნით ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა. უკიდურესად მძიმეა ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც სხეულის ნაწილი პარალიზებული აქვს და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. ციხის პირობებში დამძიმდა ბესიკ თამლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომელსაც სამწვერა ნერვის ანთება და გაუსაძლისი ტკივილები აღენიშნება.

ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს სასამართლო ხელისუფლება არ მიიჩნევს პატიმართა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას, როგორც წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების მოტივს.

ჩვენი აზრით, გავრილოვის პატიმრების მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა, რომლის მიზანი 20 ივნისის მოვლენების გადაწერა და მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის მონაწილეთა მარგინალურ, ძალადობრივ ჯგუფად წარმოჩენაა",- წერია აქციების "სირცხვილია" ორგანიზატორების განცხადებაში.

20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია ხელისუფლებამ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, მოგვიანებით კი წყლის ჭავლებით ძალადობრივად დაარბია. დარბევის შედეგად დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათგან 160 სამოქალაქო პირი. 2-მა ადამიანმა რეზინის ტყვიებით თვალი დაკარგა. ძალის გადამეტებისთვის მხოლოდ ორი სპეცრაზმელი დააკავეს. ერთი მათგანი თავიდანვე გირაოთი გაათავისუფლეს, მეორეს კი - რამდენიმე დღის წინ შეეცვალა პატიმრობა გირაოთი.

კომენტარები